16 ნოემბერი 2024,   13:42
ვრცლად
თუ დადასტურდება ის, რაზეც ისაუბრა ოქრუაშვილმა, იკვეთება თაღლითობის ნიშნები ხალვაშის მხრიდან - შალვა შავგულიძე

„რუსთავი 2“-თან დაკავშირებით ირაკლი ოქრუაშვილის სკანდალურ ინტერვიუს „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი, შალვა შავგულიძე ეხმაურება.

შავგულიძე ოქურაშვილის ინტერვიუზე დაყრდნობით, არ გამორიცხავს, რომ სისხლის სამართლებრივი დავა დაიწყოს. მისივე თქმით, ქიბარ ხალვაშის მხრიდან თაღლითობის ნიშნები იკვეთება.

„ალბათ, შეიძლება დაფიქრება აქ სისხლის სამართლებრივი კუთხითაც დავაზე, ვინაიდან თუ დადასტურდება ის გარემოებები, რაზეც ისაუბრა გუშინ ირაკლი ოქრუაშვილმა ნოდარ მელაძესთან ინტერვიუში, აქ იკვეთება მე, რა თქმა უნდა, ამას დადასტურებით არ ვამბობ, მსჯელობის საგნად მინდა გახდეს, აქ იკვეთება თაღლითობის ნიშნები, ქიბარ ხალვაშის მხრიდან. თუ იქნება სათანადო საჩივარი წარდგენილი პროკურატურაში და პროკურატურა იმსჯელებს ამაზე, შეიძლება გამოიკვეთოს ეს დანაშაული და ქიბარ ხალვაშის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგომის შემთხვევაში, ეს იქნება ახლადაღმოჩენილი გარემოება სამოქალაქო წესით უზენაესი სასამართლოს იმ გადაწყვეტილების გადასინჯვისათვის, რომლითაც ქიბარ ხალვაშს მიეკუთვნა "რუსთავი 2"-ის წილები და ის გახდა მესაკუთრე," -აცხადებს შალვა შავგულიძე.

დავით ზურაბიშვილი ამბობს, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ რუსთავი 2-მა კრიტიკულად მაუწყებლობა გააგრძელოს.

"ამ ხელისუფლების პირობებში, ამ სასამართლოს იმედზე მტერი იქნა. მურუსიძის და ჩინჩალაძის სასამართლოში რა სამართალი იზეიმებს, როდესაც დაინტერესება არსებობს ხელისუფლების და ბიძინა ივანიშვილის პირადად, ეს ჩვენ ვიცით. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ეს აჩენს გარკვეული ბრძოლის საშუალებებს, მათ შორის სამართლებრივი ბრძოლის საშუალებებსაც, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებული. აქ უნდა იყოს გამოყენებული როგორც სამართლებრივი საშუალებები, ისე საზოგადოებრივი ზეწოლის მეთოდები, მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ის მართალი სიტყვა, რაც „რუსთავი 2“-ს მიჰქონდა საზოგადოებამდე, ის კრიტიკული დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ, რომელიც ამ ტელევიზიაში იყო, მაქსიმალურად შენარჩუნდეს,"- ამბობს დავით ზურაბიშვილი.

დღის ამბები