ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ჟურნალისტებმა შეკითხვა ნიკა გვარამიას გამოკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით დაუსვეს. ელიზაბეთ რუდი აცხადებს, რომ ის საქმის დეტალებს არ იცნობს, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მნიშვნელოვანია მედიაპლურალიზმი.
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი შვეიცარიის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე იმყოფება, სადაც ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
„ამ საქმეზე კონკრეტულ კომენტარს ვერ გავაკეთებ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ 2020 წლის არჩევნები ახლოვდება და ძალიან მნიშვნელოვანია, არსებობდეს მრავალფეროვანი მედია. მრავალფეროვანი მედია ნებისმიერი დემოკრატიის ფუნდამენტური ნაწილია,“ - განაცხადა რუდმა.
ნიკა გვარამიას მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით ხვალ გამოკითხავენ. "რუსთავი 2-ის" ყოფილი გენერალური დირექტორი პროკურატურაში დაიბარეს. ნიკა გვარამიამ პროკურატურაში ჩვენების მიცემაზე უარი თქვა და მაგისტრი მოსამართლის თანხლებით, სასამართლოში დაკითხვა მოითხოვა.
გვარამიას ინფორმაციით, ნინო ნიჟარაძის საჩივრის საფუძველზე, საქმე სამი მუხლით არის აღძრული - დიდი თანხის მითვისების, დიდი ოდენობით ქონების გადამალვა სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.