დააკავებენ თუ არა "ქართული ოცნების" სამ ყოფილ მინისტრს - დავით შავლიაშვილის, ზურაბ ალავიძის და დიმიტრი ქუმსიშვილის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება დასკვნით ეტაპზეა. საქმე ეხება 710 მილიონიან პროექტს და თანხას, რომელიც საქართველოს ევროპის საინვესტიციო ბანკმა სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობისთვის ასესხა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ ეს საქმე არის დაცლილი პოლიტიკური შინაარსისგან. მმართველი გუნდის წევრების თქმით, ეს არის სამართლებრივი პროცესი და ვერანაირი გუნდური კუთვნილება ვერ იქნება ხელის შემშლელი გამოძიებისთვის.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე კითხვაზე ელოდება თუ არა ყოფილი მინისტრების დაკავებას ამბობს, რომ ინფორმაციას არ ფლობს. ოხანაშვილის თქმით, კითხვების არსებობის შემთხვევაში „ოცნების“ ყოფილმა მაღალჩინოსნებმა პასუხი უნდა გასცენ.
„მე არ ვიცი რომელ თაროზე იდო საქმე ან თუ იდო საერთოდ თაროზე. მე ვიცი ის, რომ პროკურატურა ვალდებულია იხელმძღვანელოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით და შესაბამის ვადებში წარმართოს გამოძიება. ვერ ვხედავ რა შუაშია, ორი სუბიექტის, ჯაფარიძე-ხაზარაძის საქმე. მე მკითხავი არ ვარ, მე ვერ ვიმკითხავებ თქვენთან ერთად. მე შემიძლია გითხრათ, რომ თუკი შეიკრიბება მტკიცებულებათა ის სტანდარტი, რომელიც საგამოძიებო უწყებას მისცემს იმის უფლებას, რომ იდავოს და საქმე წაიღოს სასამართლოში, მაშინ შესაძლოა განხორციელდეს საგამოძიებო მოქმედებები,“-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის მუხლით მიმდინარეობს. პროკურატურის გააქტიურება ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ”კურიერის ” ინფორმაციით, ევროპის საინვესტიციო ბანკის დასკვნამ დააჩქარა. ერთ-ერთი ვერსიით, უახლოეს პერიოდში, ამავე საქმეზე პროკურატურაში ექსპრემიერს, გიორგი კვირიკაშვილსაც დაიბარებენ. სავარაუდოდ, გამოძიება კვირიკაშვილისა და ყოფილი მაღალჩინოსნების კავშირებს არკვევს.