„ოპოზიციის ეს ნაწილი იქცევა სამარცხვინოდ", - ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე გუგუტიანთკარში მიმდინარე ე.წ. ბორდერიზაციის დროს ოპონენტების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს.
თალაკვაძისთვის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების კრიტიკა სრულიად მიუღებელია, რომლებიც ხელისუფლებას აქტიურობისკენ მოუწოდებენ, ხოლო მაღალჩინოსნებს, მათ შორის პრეზიდენტს და პრემიერს გუგუტიანკარში ჩასვლას ურჩევენ.
თალაკვაძე ამბობს, რომ ოპოზიცია არასახელმწიფოებრივად იქცევა და ხელისუფლებასთან ერთად არ იბრძვის ოკუპაციის წინააღმდეგ.
"იმის ნაცვლად, რომ მხარი დაუჭირონ საკუთარ ხელისუფლებას, საკუთარ ხალხს და საკუთარი ქვეყნის ინტერესებს, რომ ჩვენ ყველა ერთად დავდგეთ ოკუპაციის წინააღმდეგ მშვიდობით, განვითარებით და საერთაშორისო დიპლომატიის გამოყენებით შევძლოთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, მშვიდობის უზრუნველყოფა და მომავალში ქვეყანას ჰქონდეს რეალური შესაძლებლობა, რომ ტერიტორიული მთლიანობა აღიდგინოს, ამის ნაცვლად, ეს კონკრეტული ნაწილი ოპოზიციის, იქცევა სამარცხვინოდ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
თალაკვაძე სწორედ ოპოზიციას აკრიტიკებს იმაში, რომ ქვეყანაში უკანონო ბორდერიზაცია მიმდინარეობს.
„ისინი არიან დაკავებული თავის სახელმწიფოს და თავისი ხელისუფლების მისამართით ტალახის სროლით და აქ არიან ის ადამიანებიც, რომელიც პირდაპირ ჩანს, რომ ფარისევლური დამოკიდებულება აქვთ სამშობლოს მიმართ. რა დეოკუპაციაზეა საუბარი, როდესაც ზუსტად მაგ ხალხის პოლიტიკური პროვოკაციების გამო ხელშეწყობა ხდება ოკუპაციის, ხელშეწყობა ხდება იმის, რომ რუსეთმა თავისი პოზიციები ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაიძლიეროს. ჩვენ არ მივცემთ საშუალებას ვინმეს, რომ თავისი პროვოკაციული გეგმები, რომელსაც ისინი ზოგჯერ მიმართავდნენ წინა ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ეს ადამიანები, პირდაპირ გეტყვით, არიან ომის მომხრეები, ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც სურთ ომი, დესტაბილიზაცია და რომლებსაც სურთ, რომ ჩამოიშალოს ჩვენი სახელმწიფო და ამით იხეირონ“, - განაცხადა თალაკვაძემ.