პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის პირველი სხდომა გაიმართა. მთავრობის მეთაურმა სხდომაზე ქვეყნის ახალი ვიცე-პრემიერები დაასახელა. გიორგი გახარიამ თანამდებობაზე თეა წულუკიანი და მაია ცქიტიშვილი დაასახელა. პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება მმართველ გუნდს მეტად გააძლიერებს.
გარდა ამისა, მთავრობის მეთაურმა სხდომაზე მინისტრთა კაბინეტში დაბრუნებულ მინისტრებს, ვახტანგ გომელაურს და ირაკლი ღარიბაშვილს, წარმატება უსურვა.
გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მთავრობის სხდომა ყოველ ხუთშაბათს, 10:00 საათზე, გაიმართება.
„პირველ რიგში, მინდა წარმატება ვუსურვო ჩვენს კაბინეტში დაბრუნებულ მინისტრებს, ბატონ ვახტან გომელაურს და ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს. ასევე, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ კაბინეტში გვეყოლება ორი ვიცე-პრემიერი, ერთი გახლავთ ქალბატონი მაია ცქიტიშვილი და ქალბატონი თეა წულუკიანი. მოგეხსენებათ, რომ ეს ჩვენი გუნდის ძველი, გამოცდილი, ძლიერი წევრები არიან და დარწმუნებული ვარ, რომ ეს გუნდს კიდევ უფრო გააძლიერებს. დღეს ნდობის გამოცხადების შემდეგ პირველი კვირაა, ამიტომ ჩვენ შევხვდით პარასკევს, თუმცა ასევე მინდა გითხრათ, რომ მთავრობის სხდომები იქნება ყოველ ხუთშაბათს, 10:00 საათზე, ვფიქრობ, რომ ეს ყველასთვის მოსახერხებელი იქნება, მათ შორის, მედიისთვისაც. მინდა, ასევე ხაზგასმით აღვნიშნო, ჩვენ შევთანხმდით, რომ ჩვენი ძირითადი პრინციპები იქნება საქმის დროული კეთება, საქმის ეფექტიანი კეთება, კეთილსინდისიერება და რაც მთავარია, დისციპლინა. ასევე, ჩვენი პრინციპი უნდა იყოს და იქნება ღიაობა და რა თქმა უნდა, ჩვენ მაქსიმალური კომუნიკაცია უნდა ავაწყოთ ჩვენს მოქალაქეებთან, სამოქალაქო სექტორთან, ბიზნესთან. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, პირველ რიგში, ჩვენს ახალგაზრდებზე, ჩვენს ბავშვებზე და ჩვენს ღვაწლმოსილ მოხუცებზე. ასევე, მინდა გთხოვოთ, რომ ჩვენი ღიაობის პრინციპის გათვალისწინებით, თითოეულმა თქვენგანმა მთავრობის სხდომის შემდგომ არა მხოლოდ იმ მნიშვნელოვან საკითხებზე გააცნოს ინფორმაცია მედიას, რომელსაც წარმოადგენენ მთავრობის სხდომაზე, არამედ საზოგადოებისთვის და ჩვენი მოქალაქეებისათვის მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებზე“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
"კურიერის" ინფორმაციით, მედიასთან ურთიერთობის ფორმატი იცვლება. დღეიდან პრემიერ-მინისტრი კომენტარს სხდომათა დარბაზში გააკეთებს, მინისტრები კი მედიასთან ტრადიციულად, სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრებენ.
მთავრობის სხდომის პარალელურად, აქცია გამართეს დევნილებმა. მთავრობის ადმინისტრაციის წინ შეკრებილები საკუთარი მოთხოვნების დაკმაყოფილებას ითხოვენ. საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც რამდენიმე თვის წინ, საცხოვრებელ კომპლექს "დირსში“ შეიჭრნენ და ბინების მიღებას ითხოვდნენ, თუმცა მათი მოთხოვნები ამ დრომდე არ დაკმაყოფილებულა.
შეგახსენებთ, რომ მამუკა ბახტაძემ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2 სექტემბერს დატოვა. საკომიტეტო მოსმენებისა და საპარლამენტო ფრაქციებთან გამართული შეხვედრის შემდეგ საკანონმდებლო ორგანომ მთავრობის ახალი შემადგენლობა 8 სექტემბერს დაამტკიცა.