18 ნოემბერი 2024,   21:31
ვრცლად
საოკუპაციო რეჟიმის მიერ ახალგორის მიმართულებით არსებული ერთადერთი გასასვლელი ისევ ჩაკეტილია

საოკუპაციო რეჟიმის მიერ ახალგორის მიმართულებით არსებული ერთადერთი გასასვლელი ისევ ჩაკეტილია. ახალგორის გამგებლის განმარტებით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა მთავარი კითხვა - როდის შეძლებენ ადამიანები გადაადგილებას, კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება.

ადგილობრივები ”კურიერთან” საუბრისას აღნიშნავენ, რომ იმ შემთხვევაში თუ საზღვარი დროულად არ გაიხსნება, ჰუმანიტარული კატასტროფა გარდაუვალი იქნება.

„ძირითადად არიან დარჩენილები უფრო მოხუცები, ასაკოვანი ხალხი, ვისაც აქ ჰყავთ დარჩენილი შვილები, შვილიშვილები, რძლები და ა.შ. და იმ მოხუცს წამალი თუ არ მიეწოდება, ფაქტია, რომ რაღაც დაემართება. აქედან გამომდინარე, ამაზე ახლა ოსური მხარე აგებს პასუხს თუ ქართული მხარე აგებს პასუხს, ვის კისერზე იქნება ეს ცოდვა, ეს უკვე უფალმა უწყის. რა თქმა უნდა, ფატალურ შედეგებს მოიტანს, აბა რა შედეგი უნდა მოიტანოს?! ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, ქალს არ მიეწოდება წამალი დილას, შუადღეს, საღამოს, ერთი დღე, ორი დღე, სამი დღე. მოგეხსენებათ, რა შედეგიც შეიძლება მოჰყვეს ამას, მაგრამ უბედურებაა ისაა, რომ ელემენტარული ვერც გამოიყვან,“ - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

სახელმწიფო მინისტრი ახალგორის მიმართულებით თავისუფალი გადაადგილების მნიშვნელობასა და ე.წ. გამშვები პუნქტის გახსნის აუცილებლობაზე საუბრობს. ქეთევან ციხელაშვილის თქმით, იმას, რომ მოსახლეობას ძალიან უჭირს, ღრმა ანალიზი არ სჭირდება. მინისტრმა აღნიშნა, რომ დღეს არსებული კრიტიკული სიტუაცია ჩვენი საერთაშორისო პარნტიორებისთვის ძალიან კარგად არის ცნობილი.

„დღეს ჩვენთვის, მათ შორის იმ შეხვედრის ფარგლებში, რომელიც იმართება ერგნეთში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა არის სწორედ გადაადგილების თავისუფლება, ახალგორის მიმართულებით ე.წ. გამშვები პუნქტის გახსნა იმიტომ, რომ მოსახლეობას ძალიან უჭირს და ამას არ სჭირდება ღრმა ანალიზი. ეს ადამიანები იმდენად კრიტიკულ მდგომარეობაში არიან, რომ თვითონ საუბრობენ უკვე ამაზე და ეს ხმა გასაგები არის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვისაც, მათთვის ძალიან კარგად არის ცნობილი დღეს არსებული სიტუაცია, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ საუბარია წვდომაზე, სწორედ რუსეთმა უნდა უზრუნველყოს ის, რომ ჩვენს პარტნიორებს, ადამიანის უფლებების დაცვის ინსტრუმენტებს ჰქონდეს წვდომა, რასაც წლების განმავლობაში უარყოფს,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

დღის ამბები