“საერთოდ ბევრ საოცარ რამეს ამბობს ხოლმე განსაკუთრებით ამ ბოლო დროს ბატონი ხაზარაძე“ - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. გიორგი გახარია tbc ბანკის დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძის განცხადებას ეხმაურება, სადაც მან თქვა, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრმა ინვესტორი გააქცია და ამის დამადასტურებელი ოქმიც არსებობს.
პრემიერის თქმით, ანაკლიის პორტის პროექტი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტია და მას ყველა პასუხისმგებლობით უნდა მოექცეს.
„წერილი, ოქმი და კიდევ ბევრი რაღაც დამადასტურებელს, მოიტანოს, გვანახოს ეს ოქმი. საერთოდ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არ არის კარგი, როდესაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი ხდება პოლიტიკური ჭორაობის და სპეკულირების საგანი. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ანაკლია არ ეკუთვნის არც ერთ ფიზიკურ პირს. ანაკლია როგორც პროექტი, ღრმაწყლოვანი პროექტი, როგორც პროექტი ეკუთვნის ქვეყნის განვითარებას და შესაბამისად ყველა ცოტა უფრო პასუხისმგებლიანად უნდა მოექცეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროექტებს,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერის თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს განვითარებისთვის სჭირდება "პასუხისმგებლიანი და სერიოზული ინვესტორები", რომლებიც არ ჰყავს.
„ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით ყოველთვის ვამბობდი, რომ ის რომ წარმატებით განხორციელდეს, მას სჭირდება პასუხისმგებლიანი და სერიოზული ინვესტორები. რაც შეეხება ვიღაცის ინტერესებს, არ ვიცი ამაზე კიდევ რა შეიძლება ვთქვათ. ჩვენ ვამბობთ, რომ სახელმწიფო ყველა თავის ვალდებულებას ასრულებდა და შეასრულებს. ანაკლიას ღრმაწყლოვან პორტს სჭირდება პასუხისმგებლიანი, სერიოზული, კერძო ინვესტორები, რომელიც სამწუხაროდ, არ გვყავს. ეს არის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პრობლემა. სახელმწიფო უჭერდა მხარს და დაუჭერს მხარს“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.