18 ნოემბერი 2024,   19:20
ვრცლად
არის თუ არა აღწერაში მონაწილეობა სავალდებულო და როგორ უნდა შევავსოთ კითხვარი ონლაინ - საქსტატის დირექტორი მოსახლეობის ერთიანი აღწერის შესახებ

რა მონაცემები შეგროვდება მოსახლეობის ერთიანი აღწერის დროს, არის თუ გაცემული ინფორმაცია კონფიდენციალური და სავალდებულოა თუ არა აღწერაში მონაწილეობის მიღება - "დღის კურიერის" ამ კითხვებს საქსტატის დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ უპასუხა.

მისი ინფორმაციით, აღწერის ფარგლებში შეგროვდება ისეთი მონაცემები, როგორიცაა საცხოვრისის კეთილმოწყობის შესახებ: მაგალითად, რა ტიპის საცხოვრებელში ცხოვრობს მოქალაქე, არის თუ არა ის აღჭურვილი კეთილმოწყობის სახეებით, როდის აშენდა საცხოვრებელი, როგორია ფართობი, რამდენი ოთახისგან შედგება და ა.შ.

გარდა ამისა, აღწერის ფარგლებში შეგროვდება ინფორმაცია მოქალაქეობის, ეროვნების, განათლების მიღწეული დონის, ენების ფლობის, ასევე, ინფორმაცია დასაქმების, ეკონომიკური აქტივობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

"აღსანიშნავია ისიც, რომ მოსახლეობის აღწერასთან ერთად ჩვენ ვატარებთ სასოფლო-სამეურნეო აღწერას, რაც ჩვენ გვაძლევს სოფლის მეურნეობის აქტივობასთან დაკავშირებით გარკვეული ტიპის მონაცემების შეგროვების საშუალებას," - განაცხადა თოდრაძემ.

მისივე თქმით, აღწერის დროს შეგროვებული მონაცემები კონფიდენციალურია და გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ სტატისტიკური მიზნებისთვის.

"აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მონაცემები კონფიდენციალურია და ის რეგულირდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ის მონაცემები, რომელიც თვით რეგისტრაციის მეთოდით იქნება შეგროვებული თუ პირისპირ ინტერვიუს სახით, გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ სტატისტიკური მიზნებისთვის, დარჩება საქსტატში და გასაჯაროვდება მხოლოდ აგრეგირებული სახით," - აცხადებს საქსტატის დირექტორი.

გოგიტა თოდრაძე აღნიშნავს, რომ მოქალაქეებს კითხვარის შევსება ონლაინ რეგისტრაციის გზითაც შეუძლიათ - ამის შესაძლებლობა მათ 23 ნოემბრამდე ექნებათ. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე ვერ შეძლებს თვით რეგისტრაციას, მას საქსტატის ინტერვიუერი საცხოვრებელ ადგილზე, პირადად გამოჰკითხავს.

"აღწერა ორი ეტაპისგან შედგება. პირველ ეტაპზე, რომელიც თვითრეგისტრაციას გულისხმობს, მონაცემები შეგროვდება ელექტრონული კითხვარის შევსებით, რომელიც მოქალაქე ჩვენგან დამოუკიდებლად ახორციელებს. ეს პროცესი უკვე მიმდინარეა - 14 ნოემბერს დაიწყო და 23 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება, რაც ჩვენ, მოქალაქეებს გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენთვის სასურველ დროს და ჩვენთვის სასურველი ადგილიდან შევავსოთ ელექტრონული კითხვარი - ეს ძალიან მარტივია - შესაძლებელია არამხოლოდ კომპიუტერის, არამედ ნებისმიერი სმარტფონის გამოყენებითაც კი.

ამისთვის საჭიროა, შევიდეთ www.geostat.ge-ზე ან მივყვეთ იმ ბმულს, რომელიც თითოეულმა მოქალაქემ მიიღო მოკლეტექსტური შეტყობინების სახით.

რაც შეეხება მეორე ეტაპს - ეს განკუთვნილია იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც არ ისარგებლებენ თვითრეგისტრაციის მეთოდით. ანუ, ეს გულისხმობს ჩვენი ინტერვიუერის ვიზიტს თითოეულ ოჯახში და პირისპირ ინტერვიუს აღებას. პლანშეტური კომპიუტერის გამოყენებით," - აცხადებს თოდრაძე.

მისივე თქმით, აღწერაში მონაწილეობა ყველასთვის სავალდებულოა და ეს შესაბამისი კანონმდებლობით რეგულირდება.

"საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აღწერაში მონაწილეობა გახლავთ სავალდებულო - ეს რეგულირდება საქართველოს კანონით ოფიციალური სტატისტიკის შესახებ, რომელიც თითოეულ მოქალაქეს ავალდებულებს არამხოლოდ მიიღოს აღწერაში მონაწილეობა, არამედ საქსტატს წარუდგინოს მის ხელთ არსებული უტყუარი ინფორმაცია. რაც შეეხება კონფიდენციალურობას - ისიც რეგულირდება საქართველოს კანონით ოფიციალური სტატისტიკის შესახებ," - აცხადებს გოგიტა თოდრაძე.

დღის ამბები