„ჩვენ მადლობა გადავუხადეთ ევროკავშირს იმ წარმომადგენლობისთვის, იმ ფუნქციისთვის, რომელსაც ისინი ახორციელებენ საოკუპაციო ხაზზე“ - ამის შესახებ გიორგი გახარიამ იოჰანეს ჰანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა ევროკომისართან შეხვედრისას განხილულ საკითხებზე ისაუბრა.
„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი სულ უფრო და უფრო მეტ შედეგს მოგვიტანს და მოაქვს. ჩვენ დღეს ვისაუბრეთ ასოცირების ხელშეკრულების ღრმა და ყოვლისმომცველი შეთანხმების კონკრეტული ნაბიჯებზე, თუ სად ვართ დღეს, რა გვაქვს გასაკეთებელი. რა თქმა უნდა, ასევე ვისაუბრეთ ისეთ თემებზე, როგორც არის თავისუფალი უვიზო რეჟიმი და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას როგორც ინსტიტუციონალურ, ასევე საკანონმდებლო მიმართულებით, რათა ჩვენი ეკონომიკების თავსებადობა იყოს უფრო მაღალი, რაც საშუალებას მისცემს ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს ბიზნესს, ჩვენს ეკონომიკას, უფრო ხელსაყრელი შედეგი ჰქონდეს ამ ხელშეკრულებით“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერის თქმით, ევროკომისართან შეხვედრაზე ოკუპაციის საკითხი განიხილეს და ევროკავშირს მადლობა გადაუხადა იმ განხორციელებული ფუნქციისთვის, რომელსაც ის საოკუპაციო ხაზზე ახორციელებს.
„რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ოკუპაციაზე, ჩვენ მადლობა გადავუხადეთ ევროკავშირს იმ წარმომადგენლობისთვის, იმ ფუნქციისთვის, რომელსაც ისინი ახორციელებენ საოკუპაციო ხაზზე. თუმცა, ასევე აღვნიშნე, რომ ორივე მხარემ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რათა მანდატი გავრცელდეს მთელ ტერიტორიაზე, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ჩვენი მოქალაქეების საბაზისო ადამიანების უფლებების დაცვას და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ვისაუბრეთ ასევე, ქვეყანაში დემოკრატიზაციის პროცესის შემდგომ გაგრძელებაზე და შევთანხმდით, რომ დემოკრატიის საბაზისო ძირითადი ფუნქციები და მათი ფასეულობებზე ჩვენს ქვეყანაში დაცული იქნება და კიდევ უფრო გაღრმავდება“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.