18 ნოემბერი 2024,   21:34
ვრცლად
სამი მთავარი სიტყვა ისმოდა ამ დღეების განმავლობაში ამ სცენიდან: თავისუფლება, ერთობა და თანასწორობა - მიშა მშვილდაძე

ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორი მიშა მშვილდაძე, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოვიდა. მშვილდაძემ თანასწორობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღღება და განაცხადა, რომ ყველა ადამიანი თანასწორია. მისი თქმით, სწორედ ეს არის ამ აქციების მთავარი მონაპოვარი. 

"დღეს შევაჯამოთ ის ამბები რაც მოხდა, როგორ მოვედით აქამდე, რა გვინდა დღეს და რას ემსახურება დღევანდელი დღე, და რა იქნება მომავალში, როგორ დავამარცხებთ ბიძინა ივანიშვილს. დღეს ამიტომაც იყო მნიშვნელოვანი, რომ ბევრნი ვყოფილიყავით, რომ ყველას უთხრან, რომ ვერ დაგვაშინებენ, ჩვენ არ გვეშინია. ჩვენ ბევრნი ვართ, ჩვენ უძლეველები ვართ, ჩვენ ვართ საქართველო. ყველას დიდი მადლობა, თითოეულ ადამიანს ვინც გვერდში გვიდგას. დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა - ძალა ერთობაშია. სამი მთავარი სიტყვა ისმოდა ამ დღეების განმავლობაში ამ სცენიდან - თავისუფლება, ერთობა და თანასწორობა. თანასწორობა ნიშნავს ყველას თანასწორობას , ყველანი თანასწორნი ვართ, პოლიტიკური უმცირესობებიც, ეთნიკური უმცირესობებიც, რელიგიური უმცირესობებიც, სექსუალური უმცირესობებიც, ეს არის ამ აქციების მთავარი მონაპოვარი," - განაცხადა მიშა მშვილდაძემ.

როგორც მშვილდაძემ აღნიშნა, დღეს ქართული საზოგადოება ბავშვობის ასაკიდან გამოდის და ოკუპაციას, ძალადობას, განსხვავებულის მიუღებლობას, სიძულვილს და ბიძინა ივანიშვილს არას ეუბნება. 

"ჩვენგან მოითხოვდნენ, რომ ცოტა გვეპოპულისტა ამ მიმართულებით და ზოგიერთ უმცირესობასთან გვერდით არ დავმდგარიყავით, მაგრამ არა. არის ასეთი ერთი მწერალი ბენჟამინ სპოკი, "ბავშვი და მისი აღზრდა" ცნობილი წიგნია, ჩვენ ყველანი ალბათ ამ წიგნის მიხედვით აღვიზარდეთ, იქ წერია ასეთი რამ: ბავშვი ხდება პიროვნება მაშინ, როდესაც ცხოვრებაში პირველად ამბობს სიტყვას "არა" და დღეს ქართული საზოგადოება გამოვდივართ ბავშვობის ასაკიდან და ხმამაღლა ვამბობთ, რომ ოკუპაციას არა, ძალადობას არა, განსხვავებულის მიუღებლობას არა, სიძულვილს არა, ივანიშვილის რეჟიმს არა. თანასწორობა - ეს არის მთავარი. ყველანი ვართ თანასწორნი. არა იმიტომ, რომ კონსტიტუციაში წერია ასე, რა ვქნათ კონსტიტუციაში წერია ასე. არა, ჩვენ გვეამაყება, რომ ეს კონსტიტუციაშიც გვიწერია. თანასწორობა არის ერთადერთი გარემო, სადაც გვაქვს შესაძლებლობა, რომ გავატაროთ ღირსეული ცხოვრება. დაუმარცხებელ საქართველოს გაუმარჯოს. მთელს მსოფლიოს მოდებულები ვართ, ძალიან ძლიერები ვართ, ჩვენი ძალა არის სამი რამ: სიმართლე, გონიერება და უშიშრობა. ეს არის საქართველო. ჩვენ დღეს ყველამ ერთად გავიმარჯვეთ," - აცხადებს მიშა მშვილდაძე.

დღის ამბები