18 ნოემბერი 2024,   21:34
ვრცლად
"2 მილიონის დამატება ზურაბიშვილისთვის სრულიად გაუგონარია" - საბიუჯეტო ცვლილებებს ოპოზიციაში მწვავე კრიტიკა მოჰყვა

შეწყალების სკანდალის ფონზე პრეზიდენტის დაფინანსება იზრდება. ვიდრე პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტზე საუბრობენ, პრეზიდენტის ადმინისტრაციას ღონისძიებებისთვის თანხა 2 მილიონ ლარზე მეტით გაეზარდა.

საბიუჯეტო ცვლილებებს ოპოზიციაში მწვავე კრიტიკა მოჰყვა. პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსების გაზრდის საკითხს გაურკვეველ და აბსურდულ წინადადებას უწოდებს.

"ამიტომ ბუნებრივია, როდესაც თვითონ ლაპარაკობენ ამის თაობაზე და მათ შორის სალომე ზურაბიშვილიც, რომ პრეზიდენტს ჯერ ფუნქციები არ აქვს და მერე რა ფუნქციებიც აქვს იმასაც მორატორიუმს ადებს, ამ ფონზე ვალის აღება და აქედან 2 მილიონის სალომე ზურაბიშვილისთვის დამატება არის სრულიად გაუგონარი," - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ზურაბიშვილის ადმინისტრაციისთვის დამატებითი თანხის გამოყოფას რომან გოცირიძე ეხმაურება. როგორც პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ხსნის, ადმინისტრაციისთვის გამოყოფილი 2 მილიონი ლარი უკვე გაწეული ხარჯების დაფარვის მცდელობაა და ის თანხა სამომავლოდ პრეზიდენტის ადმინისტრაციას ღონისძიებებისთვის არ მოხმარდება.

"პრეზიდენტის ადმინისტრაციას 2 მილიონს, რომ გამოუყოფენ, მას იგი კი არ დახარჯავს მომავალი თვის განმავლობაში, ეს არის დიდი ალბათობით უკვე გაწეული ხარჯების იძულებითი ასე ვთქვათ დაფარვა, თორემ დღევანდელ მდგომარეობაში პრეზიდენტს 2 მილიონს კი არა, რა ფულიც აქვს იმას წაართმევდნენ უკან ბოლო კაპიკამდე და დატოვებდნენ უხელფასოდ, ისეთ შავ დღეში ჩააგდო "ქართული ოცნება" პრეზიდენტის აი ამ ბოლო უგუნურმა გადაწყვეტილებამ," - აცხადებს რომან გოცირიძე.

დღის ამბები