ეკა ბესელიასა და ვანო ზარდიაშვილს შორის კომიტეტის სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოულოდნელად ფიზიკურში გადაიზარდა.
როგორც "ქართული ოცნდებიდან" წასული დეპუტატი ამბობს, მისი რეაქცია, ვანო ზარდიაშვილის შეურაცხმყოფელ რეპლიკას მოჰყვა. ეკა ბესელიას თქმით, ზარდიაშვილი მის გვართან დაკავშირებით შეურაცხმყოფელ სიტყვებს ისე ჩუმად ლაპარაკობდა, რომ მას გარდა არავის გაეგო.
პარლამენტის წევრმა, მედიასთან საუბრისას ბიძინა ივანიშვილი ახსენა. ეკა ბესელიას თქმით ბიძინა ივანიშვილსა და "ნაციონალურ მოძრაობას" ერთი და იგივე მენტალიტეტი აქვთ.
"ჩუმად, აი ასე არაკაცურად, ისე ლაპარაკობდა, რომ თქვენ არ გაგეგოთ მისი შეურაცხმყოფელი სიტყვები, მაგრამ მე გავიგონე და რამდენჯერაც ამას გაბედავს ან ეგ, ან რომელიმე, მიიღებს პასუხს. ეს იყო შეურაცხმყოფელი ფრაზა ჩემს გვართან დაკავშირებით, რომელიც მე გავიგონე და მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს ეს, აი ასე ყურებს მოვუყრუო და თითქოს ვერ გავიგე ვერაფერი. როდესაც მისი პარტიის სახელით ზარდიაშვილი ლაპარაკობს, ეს მისი პერსონალური პასუხისმგებლობაა. როცა ეს მოსამართლეები ზარდიაშვილის გადასარჩენები ხდება, მერე ნუღარ გვეტყვის ივანიშვილი, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ებრძვის და რომ იმ წარსულთან არა აქვს საერთო, აბსოლუტურად ერთი და იგივე მენტალიტეტი აქვთ," - განაცხადა ეკა ბესელიამ.