სალომე ზურაბიშვილს ოპოზიცია გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლის გამო აკრიტიკებს. ოპონენტები ქვეყნის პირველი პირისგან უფრო მწვავე გზავნილებს ელოდნენ.
"ევროპული საქართველოს" მდივანი გიორგი კანდელაკი ზურაბიშვილის გამოსვლით უკმაყოფილოა და ამბობს, რომ რუსეთი საქართველოს პრეზიდენტისგან ამაზე კომფორტულ გამოსვლაზე ვერც იოცნებებდა:
"არაფერი არ უთქვამს იმაზე, რომ საქართველოს საკითხი უნდა იდგეს უმაღლეს დონეზე დასავლეთსა და რუსეთს შორის. არაფერი უთქვამს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე და რაიმე ნაბიჯებზე, რაც უნდა დავუპირისპიროთ პრევენციის სახით. არაფერი უთქვამს იმაზე, უნდა შევიდეს თუ არა საქართველოს ოკუპაციის და დევნილთა საკითხი რუსეთზე ევროკავშირის და აშშ-ს მიერ უკვე დაკისრებულ სანქციებზე" - აცხადებს კანდელაკი.
პრეზიდენტის სიტყვით კმაყოფილია მმართველი გუნდი, სადაც მიაჩნიათ რომ, სალომე ზურაბიშვილი თანამეგობრობის წინაშე ღირსეულად წარსდგა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, თუ ვინმე გულდაწყვეტილია პრეზიდენტის გამოსვლით, მისივე ადმინისტრაციას უნდა მიმართოს.
"ქალბატონ ზურაბიშვილს ჰქონდა ძალიან მშვიდი და პრინციპული გამოსვლა გაეროში. მან ყველა მთავარი აქცენტი გააკეთა, რაც საქართველოს პრეზიდენტს უნდა გაეკეთებინა. ისაუბრა გამოწვევებზე, ოკუპაციაზე. მე შევაფასებდი მის გამოსვლას დადებითად. თუ ნახეთ სხვა პრეზიდენტების გამოსვლები, გამორჩეული გამოსვლები იყო მშვიდი და იყო პრინციპული გზავნილები. თქვენ თუ გულნატკენი ხართ ამ გამოსვლასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიმართოთ".