საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების გუშინდელი დიალოგი მომდევნო დღეების განმავლობაშიც ერთ-ერთი მთავარი ამბავი იქნება.
ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრა ბოლო წუთამდე გასაიდუმლოებული იყო, ამიტომ ახალი დეტალები კიდევ გამოჩნდება. რუსეთის მხარე მეორე დღეა ღიად მიანიშნებს, რომ საქართველო - რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლა შეიძლება აღდგეს.
უფრო მეტიც, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს ტერმინი შეუსწორა და განუცხადა, რომ საქართველოსთან თავის დროზე ავიამიმოსვლები კი არ გაუქმდა, არამედ შეჩერდა.
საქართველოს საგარეო მინისტრმა დღეს ოფიციალურად დაადასტურა, რომ დეოკუპაციის გარდა, ლავროვის ინიციატივით, ავიამიმოსვლის საკითხზეც ისაუბრეს.
საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ასეთი მწვავე საკითხების განხილვას კატეგორიულად ეწინააღმდეგება ოპოზიცია. "ევროპული საქართველოს" შეფასებით, დეოკუპაციასთან ერთად სხვა თემაზე მსჯელობა ნიშნავს, რომ კრემლი დიალოგს შანტაჟისთვის იყენებს.
რუსეთთან პირდაპირი დიალოგის მომხრეა "პატრიოტთა ალიანსი". პარტია ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის მოსკოვში მორიგ ვიზიტს გეგმავს და ხელისუფლებასაც მოუწოდებს, გაიზიაროს მათი გამოცდილება და რუს პოლიტიკოსებთან ღია შეხვედრები დაგეგმოს.
ხელისუფლებას ნაადრევად მიაჩნია იმაზე საუბარი თუ რა ფორმას მიიღებს საგარეო საქმეთა მინისტრების კომუნიკაცია მომავალში. მთავრობას არ აქვს მოლოდინი, რომ პირველივე შეხვედრით გარღვევა მოხდება, თუმცა ყველა შემთხვევაში, ხელისუფლება სამშვიდობო პოლიტიკის მომხრე რჩება.
საბოლოო დეოკუპაციისთვის მშვიდობიანი დიალოგი "ქართული ოცნების" ხელისუფლებისთვის ერთადერთი გამოსავალია. მმართველი გუნდი ირწმუნება, რომ მოლაპარაკებების დაწყება სწორედ საერთაშორისო პარტნიორების მოთხოვნა იყო და შეხვედრის ინიციატივით შვეიცარიის კონფედერაცია გამოვიდა.