კონსტიტუციური კანონის პროექტის მორიგი საყოველთაო განხილვა რაჭაში გაიმართა. ახალი ცვლილებები მოსახლეობას პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად გააცნო. ცვლილება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემითა და ნულოვანი საარჩევნო ბარიერით ჩატარებას გულისხმობს. დღეს რეგიონებში შეხვედრები დასრულდა, ბოლო შეხვედრა თბილისში ორშაბათს გაიმართება.
"ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარე, მამუკა კაციტაძე საარჩევნო ბლოკების აუცილებლობაზე საუბრობს.
"ის რაც არის სიმახინჯე ბლოკების პირობებში, რომ არ არსებულ ფიქტიურ პარტიებს შეგნებულად გაუკეთეს დაფინანსებები საეთერო დროები ეს ყველაფერი უნდა გასწორდეს. მაგრამ თავად ბლოკი როგორც ინსტიტუცია, როგორც წარმონაქმნი, როგორც თანამშრომლობის საშუალება, უნდა იყოს შენარჩუნებული, რადგან ეს არის ძალთა კონსოლიდაციის მექანიზმი, რომელიც სჭირდებათ პოლიტიკურ პარტიებს წინა საარჩევნო პერიოდში," - აცხადებს მამუკა კაციტაძე.
"საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე" არჩილ თალაკვაძე აღნიშნავს, რომ პროპორციულ არჩევნებს საზოგადოების მხრიდან დიდი მხარდაჭერა აქვს.
"პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებულ ამ რეფორმას აქვს დიდი მხარდაჭერა, ჩვენ მაქსიმალურად მივიტანეთ არგუმენტები ჩვენ მოქალაქეებთან და უდაოდ ეს არის დემოკრატიული ცვლილება, რომელსაც აქვს საზოგადოებაში დიდი მხარდაჭერა. მე ვფიქრობ დადებითია ისიც, რომ ოპოზიციასთან ერთად ტარდება ეს შეხვედრები. საზოგადოება მხარს უჭერს ჩვენს მშვიდ საქმიან პოლიტიკას და მხარს უჭერს იმას, რომ მომავალშიც პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობის ჯანსაღ რეჟიმში წარიმართოს პოლიტიკური პროცესი,"- აღნიშნავს არჩილ თალაკვაძე.