ოპოზიციის მიერ საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის პარლამენტში დაბარებას, რომლისგანაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრის თაობაზე განმარტებებს ითხოვენ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი გამოეხმაურა.
ვოლსკის შეფასებით, ოპოზიცია ცდილობს ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრისგან სკანდალი შექმნას მაშინ, როდესაც დასავლეთმა ამ შეხვედრას მხარი სრულად დაუჭირა. ამასთან, ვოლსკი ზალკალიანის პარლამენტში მოსვლის წინააღმდეგი არ არის და აცხადებს, რომ ყველა დაინტერესებულ საკითხზე მინისტრი აუცილებლად გასცემს პასუხს.
შეგახსენებთ, 26 სექტემბერს, დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტიდან 11 წლის შემდეგ, საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ. წლების მერე პირველი შეხვედრა ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში, შვეიცარიის შუამავლობით შედგა.