18 ნოემბერი 2024,   21:19
ვრცლად
"მრცხვენია, რომ ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი შემოქმედი ასეთ მარაზმამდე დაეცა"- უგულავა სააკაშვილზე

მე და გიგა ბოკერია ვეწინააღმდეგებოდით, როდესაც პოლიტიკური გასაჭირისას სააკაშვილმა ეკლესიის მსახურებისთვის შავი ჯიპების ჩამორიგება გადაწყვიტა - ეს განცხადება "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადების საპასუხოდ გააკეთა, სადაც მან ყოფილ თანაგუნდელს, გიგა ბოკერიას ქართული ფასეულობებისადმი აგდებულ დამოკიდებულებაში დასდო ბრალი.

უგულავამ სააკაშვილი ჯვრით მანიპულირებაში დაადანაშაულა და ბიზნესმენ ლევან ვასაძეს შეადარა, რომელიც, მისი თქმით, ჯვარს და კომბალს ერთმანეთისგან ვერ არჩევს.

"ის, რაც ჩვენ ეთერში ვიხილეთ, არის ფარისევლობა და სირცხვილი. მე მრცხვენია, რომ ადამიანი, რომელიც "ვარდების რევოლუციის" ერთ-ერთი შემოქმედი იყო, ადამიანი, რომელმაც ამ ქვეყანაში, როგორც პრეზიდენტმა, ბევრი რამ გააკეთა, დაეცა ასეთ მარაზმამდე. მე, როგორც წინა ხელისუფლების წარმომადგენელს და არც თუ ისე უკანა რიგებში მყოფს, შემიძლია გადაუჭარბებლად საზოგადოებას ვუთხრა, რომ გუშინ მიხეილ სააკაშვილმა მოიტყუა. მას არასდროს არავინ აკავებდა, თუ მას რელიგიური აღტკინება ჰქონდა, წასულიყო ეკლესიაში, მაგრამ დიახ, მეც და გიგა ბოკერიაც ვიყავით წინააღმდეგი, როდესაც მაგალითად, პოლიტიკური გასაჭირი იყო და მან შავი ჯიპების ჩამორიგება გადაწყვიტა ეკლესიის მსახურებისთვის. თუ მას რელიგია დღეს ესმის, როგორც თავზე ნაცრის დაყრა, ყველაფრის უარყოფა, ქართული სახელმწიფოებრიობის, სეკულარიზმის უარყოფა, ის არაფრით არ განსხვავდება ლევან ვასაძისგან. ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ ბოლო 3 თვეში საჯარო პოლიტიკურ სივრცეში ჯვრით მანიპულირების და ჯვრის აბუჩად აგდების 3 შემთხვევა. პირველი იყო, როდესაც ქალბატონი ზურაბიშვილი ვიხილეთ წმინდა ნინოს გზაზე, ხელში ჯვრით მომავალი - ფარისევლობა N1, მეორე ვიხილეთ ლევან ვასაძე, რომელიც კომბალს და ვაზის ჯვარს ვერ ასხვავებდა, ისე დადიოდა ქუჩაში - ფარისევლობა და მავნებლობა N2 და გუშინ ვიხილეთ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც პერანგს ექაჩებოდა ჯვრის სანახავად - ფარისევლობა N3. ეს ყველაფერი სამარცხვინოა. მინდა მას შევახსენო, თუ რელიგიურ ტრადიციებზეა საუბარი, სავლე ნამდვილად გახდა პავლე, უბრალოდ პავლე იყო სავლეს გაგრძელება და არა სავლეს უარყოფა. იქამდე ნუ მივა მიხეილ სააკაშვილი, რომ თავის თავის უარყოფა მოახდინოს. მას ბევრი დამსახურება ჰქონდა და ის როგორც სახარებაშია ნათქვამი, ამ მარგალიტებს აბნევს და რჩება ვასაძის და ივანიშივლის რიტორიკის ამარა," - განაცხადა გიგი უგულავამ.

დღის ამბები