"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი მთავარ საგამოძიებო უწყებაში პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების საქმეზე იყო დაიბარებული.
ეკა ბესელიას თქმით, პროკურატურას მან ის პირები დაუსახელა, რომლებიც, მისი ინფორმაციით, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟში ფიგურირებენ. ბესელიას თქმით, ის ოთხ კონკრეტრულ შემთხვევაზე ფლობს ინფორმაციას, რომელშიც როგორც დეპუტატები, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებზეა საუბარი.
როგორც ბესელია ამბობს, გამოძიება მისი განცხადებების საფუძველზე ჯერჯერობით დაწყებული არ არის. ეს იყო უბრალოდ გამოკითხვა, რის შემდეგაც უკვე გაირკვევა, დაიწყებს თუ არა ამ ინფორმაციაზე გამოძიებას პროკურატურა.
ბესელია არ აკონკრეტებს, თუ რომელ პირებზეა საუბარი:
"პროკურატურასთან კიდევ ერთხელ გავიმეორე და დავადასტურე, რომ ნამდვილად ვფლობ ასეთ ინფორმაციას გარკვეულ პირებთან დაკავშირებით და ეს პირები არიან პარლამენტშიც და აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც. მე ვიცი ოთხი საკმაოდ სპეციფიკიური შემთხვევა, თუმცა შეიძლება იყოს კიდევ უფრო მეტი" - განაცხადა ბესელიამ.