„მთავრობამ დაიწყო უპასუხისმგებლო საარჩევნო კამპანია“ - ასე აფასებს 2020 წლის ბიუჯეტის პროექტს პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, რომან გოცირიძე. მისი განცხადებით, ბიუჯეტში დაგეგმილი ხარჯების ზრდა, წინასაარჩევნოდ, მოსახლეობის გულისმოგებას ემსახურება.
„მთავრობამ დაიწყო უპასუხისმგებლო საარჩევნო კამპანია, ახლა ცვლის ბიუჯეტს და 400 მილიონით ზრდის საშინაო ვალს, მაშინ როდესაც 500 მილიონი იყო და ფაქტობრივად გააორმაგა ბოლო სამი თვის განმავლობაში. 230 მილიონით გაზარდა 2019 წლის ბიუჯეტი და მომავალი წლის ბიუჯეტში რაღაც ხარჯების ზრდას გვპირდება, რაც საარჩევნოდ, მოსახლეობის გარკვეული ნაწილის გულის მოგებას ემსახურება,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.
პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო - რეგიონების” წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი 2020 წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტთან დაკავშირებით ამბობს, რომ მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გამო, ვერ ხორციელდება საკმარისი შემოსავლები სახელმწიფო ბიუჯეტში.
„ეს მერვე ბიუჯეტი იქნება, როდესაც მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკით გამოწვეული დაბალი ეკონომიკური ზრდა ვერ იძლევა საკმარის შემოსავლებს სახელმწიფო ბიუჯეტში, რომ ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებაში მოხდეს მნიშვნელოვანი გარდატეხა, იქნება ეს ფასების დასტაბილურება, უმუშევრობის დაძლევა თუ ზოგადად, ცხოვრების გაუმჯობესება“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
2020 წლის ბიუჯეტის პროექტს ეხმაურება პარლამენტის წევრი, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი, ლევან კობერიძე.
"ჯერ კიდევ 2017 წელს ქუმსიშვილის მიერ წარდგენილ ბიუჯეტში იყო პენსიების 20-20 ლარით ზრდა ჩადებული 2018-19 წლებში და შესაბამისად, ამას ახლა მთავრობა ნუ დაიბრალებს, რომ მისი მიღწევაა და ნუ ეცდება წინასაარჩევნოდ გაყიდოს ეს ფაქტი,“ - აცხადებს ლევან კობერიძე.
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიასგანცხადებით, 2020 წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში, წამოწეულია პენსიონრების საკითხი, ასევე მოქალაქეების დახმარება.
„ამ ტიპის სოციალური დატვირთვა მიცემული აქვს ბიუჯეტს, ისე რომ ამასთანავე ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელი კაპიტალური ხარჯები არის მაქსიმალური ეფექტურობის შემთხვევაში იმ შედეგის მომცემი, რამაც ბიზნესის წახალისება უნდა უზრუნველყოს“ - განაცხადა რომან კაკულიამ.
2020 წლის ბიუჯეტის პროექტი მთავრობის საპარლამენტო მდივანმა საკანონმდებლო ორგანოს უკვე წარუდგინა. განხილვები ჯერ არ დაწყებულა, თუმცა მომავალი წლის ბიუჯეტის პარამეტრებზე მსჯელობას ხმაური მოჰყვა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე.