მძიმე მუხლებით შეწყალებულთა სკანდალების ფონზე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტი რამდენიმე მილიონით იზრდება. ცნობილი გახდა, რომ ადმინისტრაციას დამატებით 2 მილიონ 200 ათასი ლარი ვიზიტებისა და ღონისძიებების ჩასატარებლად სჭირდება.
მთავრობამ ინიციატივით პარლამენტს უკვე მიმართა, მაგრამ უკვე ცნობილია, რომ ოპოზიცია ინიციატივას მხარს არ დაუჭერს.
"პრეზიდენტს უნდა შეუკვეცონ ბიუჯეტი, რომ რაც შეიძლება ნაკლებად გავიდეს უცხოეთში და რაც შეიძლება ნაკლები საფრთხე მოუტანოს ქვეყანას მისმა არასერიოზულმა განცხადებებმა. ერთადერთი არგუმენტი ის იყო, რომ თუ ეს ფული არ მივეცით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია გაჩერდება. გამოდის, რომ რაღაც ფული გადახარჯეს და მართლაც შეიძლება ვერც შუქს გადაიხდიან, ვერც წყალს. შეიძლება თანხები, რომელიც ჰქონდათ, მართლაც გამოიყენეს ვიზიტებისა თუ სხვადასხვა ღონისძიებებისთვის. ისეთი თანხებია საჭირო, რომელიც მიმდინარე ხარჯებისთვის, როგორც ჩანს აუცილებელია. ასეთი პასუხია - თუ არ გადავრიცხავთ, მაშინ პრეზიდენტის ადმინისტრაცია გაჩერდება,"- განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ.
როგორც პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტის ზრდა იმის დასტურია, რომ კრიტიკის მიუხედავად, "ქართული ოცნება" პრეზიდენტის მხარდაჭერას განაგრძობს.
"როდესაც ქვეყნის გარეთ მიდის სალომე ზურაბიშვილი მთელი ქვეყანა ლოცულობს, რომ მან ისეთი განცხადება არ გააკეთოს, რომელიც ზიანს მიაყენებს ჩვენს ქვეყანას. "ქართული ოცნება" ვითომ სიტყვით აკრიტიკებს პრეზიდენტის ქმედებას, იქნება ეს ასეთი გაუგონარი შეწყალებები თუ ის დამაზიანებელი განცხადებები, რომელსაც ის ქვეყნის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით აკეთებს, მაგრამ საქმით ისინი ბიუჯეტს უზრდიან, რითაც ადასტურებენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" არა მარტო ძალით გაიყვანა სალომე ზურაბიშვილი ამ თანამდებობაზე, არამედ ისინი აგრძელებენ მის მხარდაჭერას,"- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
შეგახსენებთ, 2019 წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესანახად 6 მილიონია განსაზღვრული, დაფინანსების გაზრდის შემდეგ კი თანხა 8 მილიონ 200 ათასი გახდება.