მთავარ პროკურორ შალვა თადუმაძეს, პარლამენტში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის სტატუსით უსმენენ. რომან გოცირიძემ შალვა თადუმაძის ციტატა წაიკითხა და მოსამართლეობის კანდიდატს, რომლის განათლებაც ბოლო დღეების ერთ-ერთი მთავარი თემაა, შეკითხვა დაუსვა თუ ვისი დაწერილი იყო დიდოსტატის მარჯვენა:
"თქვენს ფრთოსან სიტყვებს ვციტირებ, - "როგორც ყველა ქართველს, მეც მეზიზღება ის ჯალათი, რომელმაც პირველი საკათედრო ტაძრის აღმაშენებელს მარჯვენა მოკვეთა. მსგავსი რამ ახლა არ უნდა განმეორდეს..." - "დიდოსტატის მარჯვენა" ვინ დაწერა? აქ რა მარჯვენაზეა საუბარი და ვის მოკვეთეს მარჯვენა მაშინ და ვის მოკვეთეს მარჯვენა დღეს?"- ჰკითხა გოცირიძემ შალვა თადუმაძეს.
"არ ვიცი... ნახეთ, ჩემგან გინდათ პასუხები ისეთ ციტატებზე, რომლის კითხვებიც თქვენ არ იცით, ეგ ციტატა არის ამოღებული ისეთი საკითხიდან, რომელსაც წინ უსწრებდა მსჯელობა.ჯერ ერთი მე და თქვენ რომ ვილაპარაკოთ წარმატებული ადვოკატის საადვოკატო გამოსვლაზე ძალიან უხერხული იქნება ჩემი მხრიდან. ეს არის საადვოკატო საქმიანობის დროს სასამართლო დარბაზში ნათქვამი,"- განაცხადა თადუმაძემ.