"ეს პროტესტიც ისევე წარუმატებლად ჩაივლის, როგორც ყველა სხვა დანარჩენი მათი წამოწყებული, იმიტომ, რომ ყალბია პროტესტი, რომელსაც არ გააჩნია არანაირი საფუძველი," - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ერთ-ერთი პირველი ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი ოპოზიციური პარტიის ლიდერების მიერ გამართულ საპროტესტო აქციებს.
წილოსანის შეფასებით, ოპოზიციის წევრების მხრიდან ქუჩების პარალიზება და თითოეულ მათგანს "საკუთარი ამომრჩევლის თვალშიც სერიოზულ დისკრედიტაციას უკეთებს".
"კიდევ უფრო მასშტაბური პროტესტის დაპირებით, რასაც ოპოზიცია გასცემს, ნელ-ნელა, უფრო და უფრო მეტ სიგიჟეს ვხედავთ მათი მხრიდან. რა თქმა უნდა, ის უმსგავსობა, რომელიც ახლა გააკეთეს, ორი კარვით ამდენი ქუჩის გადაკეტვა და ქალაქის პარალიზება, უკვე ვფიქრობ, რომ მათივე ამომრჩევლის თვალშიც სერიოზულ დისკრედიტაციას უკეთებს თითოეულ მათგანს. სამწუხაროა, რომ ამ ყველაფერზე საუბრობენ ახალგაზრდების სახელით, თუმცა, მე მგონია, რომ იქ ბოლოს გვარამია და ლაკა ხოშტარია დაიბრალებენ რომ სტუდენტები არიან, იმიტომ რომ ის რამდენიმე ახალგაზრდაც კი, რომელიც იქ არის, მათი პარტიული ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან. სამწუხაროდ, ვადევნებთ თვალყურს, მართლა ჯანსაღი ახალგაზრდული ნაწილის მიმართ როგორი ბულინგისა და შევიწროების კამპანია მიმდინარეობს. არაერთი პოსტი, კომენტარი თუ თავდასხმა გასაჯაროვდა, რასაც საკუთარი თანაკურსელების მიმართ ჩადიან ეს ფაშისტური ორგანიზაციის წარმომადგენელი ახალგაზრდები და ასირცხვილებენ იმისთვის, რომ ამ სიგიჟეს არ უერთდებიან. ეს პროტესტიც ისევე წარუმატებლად ჩაივლის, როგორც ყველა სხვა დანარჩენი მათი წამოწყებული, იმიტომ, რომ ყალბია პროტესტი, რომელსაც არ გააჩნია არანაირი საფუძველი," - განაცხადა ნინო წილოსანმა.
ცნობისთვის, ჭავჭავაძის გამზირისა და ვარაზისხევის დამაკავშირებელი გზაჯვარედინი ისევ პარალიზებულია - გაშლილია კარვები, ადგილზე რჩებიან ოპოზიციური პარტიების ლიდერები. ხელახალი არჩევნების მოთხოვნით, პროტესტის ახალ ფორმას გუშინ საღამოს მიმართეს. დაანონსდა, რომ გზაჯვარედინის ბლოკირება 24 საათი გაგრძელდებოდა. ეს დრო დღეს, 20:00 საათზე იწურება.