18 ნოემბერი 2024,   21:31
ვრცლად
თომას ჯეფერსონი, ჰომოსაპიენსი და ნაჩუქარი ბინა - ზაზა თავაძის მოსმენამ პარლამენტში ხმაურის ფონზე ჩაიარა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან, საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარესთან გასაუბრება დღეს 8 საათს გაგრძელდა. ზაზა თავაძეს შეკითხვები დაუსვეს როგორც მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წევრებმა, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმაც.

ოპოზიციონერი დეპუტატები დაინტერესდნენ კანდიდატის წარსული საქმიანობით, მის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილებებით და მისი დეკლარაციით.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას და ზაზა თავაძის საუბარი შეეხებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის მერაბ ტურავას საკითხს. გიგა ბოკერია დაინტერესდა რა ნიშნით შეარჩია მან თავის მოადგილედ მერაბ ტურავა, რომელთან დაკავშირებითაც ბევრი კითხვა არსებობს, მათ შორის გიგი უგულავას საქმეზე.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს, პოლიტიკური პლურალიზმის შესახებ, ციტატა წაუკითხა არასამთავრობო კოალიციის წევრმა გიორგი მშვენიერაძემ. თავაძეს საკუთარი გამონათქვამი თომას ჯეფერსონის ეგონა.

მოსამართლეობის კანდიდატს ციტატების გარდა წარსული საქმიანობაც შეახსენეს. მმართველი გუნდი თავაძის წინა ხელისუფლების დროინდელი საქმიანობით დაინტერესდა, როდესაც ის იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო. საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედმა თავმჯდომარემ თქვა, რომ სასამართლო მაშინ მხოლოდ ნაწილობრივ იყო დამოუკიდებელი.

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" მდივნის ხათუნა გოგორიშვილის ინფორმაციას, რომ ზაზა თავაძე იმ ბინით დღემდე სარგებლობს, რომელიც რამდენჯერმე გასხვისდა, მოსამართლეობის კანდიდატმა სრული სიცრუე უწოდა.

თავაძემ დადებითი პასუხი გასცა ლევან გოგიჩაიშვილის შეკითხვას, იმასთან დაკავშირებით, რომ მან საკონსტიტუციო სასამართლოს წევრობის დროს სახელმწიფოსგან ბინა საჩუქრად მიიღო.

ხვალ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა ვლადიმერ კაკაბაძესთან შეხვედრით გაგრძელდება.

დღის ამბები