დავით გარეჯის საკითხი - ოპოზიცია ხელისუფლებას უფრო მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას სთხოვს. პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი შექმნილ ვითარებაში პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.
სამადაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლების მოვალეობა იყო, თავიდან აეცილებინა შექმნილი დიპლომატიური კრიზისი.
"პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმაზე, რომ აზერბაიჯანულ მხარესთან შეიქმნა, არა მხოლოდ დავით გარეჯთან დაკავშირებით, არამედ სხვა საკითხებთან, მათთვის სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებთან დაკავშირებით პრობლემები, ეკისრება მმართველ პოლიტიკურ გუნდს. ამიტომ, აქ ჩვენ ვერ გავექცევით პასუხისმგებლობას ხელისუფლების. ხელისუფლების ვალდებულება იყო, რომ თავიდან აეცილებინა ეს დიპლომატიური კრიზისი, რომელშიც ჩვენ შევედით," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრი გიგა ბოკერია ამბობს, რომ კრიზისი სწორედ ხელისუფლების უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებმა გამოიწვია.
"ჩვენ ყველამ ვიცით, როგორ შეიქმნა ეს ბოლო კრიზისი, უპასუხისმგებლო და ბრიყვული გადაწყვეტილებებით დღევანდელი ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლის და ერთის განსაკუთრებით. მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, ახლა ჩვენი ამოცანაა, ჩვენ მეგობარ სახელმწიფოსთან, აზერბაიჯანთან მიღწეული იქნას ამ სტატუს კვოს სრულფასოვან აღდგენაზე გადაწყვეტილება და გაგრძელდეს მოლაპარაკებები იმაზე, როგორ გადაწყდეს საბოლოოდ ეს პრობლემა," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
საუბარი საგარეო საქმეთა მინისტრს პარლამენტში ვრცლად მოუწევს. დავით ზალკალიანს საკანონმდებლო ორგანოში "პატრიოტთა ალიანსი" ინტერპელაციის წესით იბარებს. ხელისუფლება კი აქცენტს აკეთებს იმ მოლაპარაკებებზე, რომელიც აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ამ დრომდე გრძელდება.