სუს-ის ხელმძღვანელის პოსტზე მთავრობის მიერ დასახელებულმა კანდიდატმა ქვეყნის მთავარ გამოწვევად რუსული ოკუპაცია დაასახელა. განცხადება გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში გააკეთა. სუს-ის ხელმძღვანელობის პოსტზე წარდგენილმა კანდიდატმა განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებენ უკანონო ქმედებებს, მათ შორის უკანონო ბორდერიზაციასა და გადაადგილების შეზღუდვას.
"ქვეყნის ყველაზე მთავარ გამოწვევას წარმოადგენს რუსული ოკუპაცია. ოკუპირებული აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, უკანონოდ განთავსებული რუსეთის ფედერაციის შეირაღებული ძალები და მათი სპეცსამსახურები, თავისთავად, წარმოადგენენ მნიშვნელოვან გამოწვევას ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზს გასწვრივ შექმნილი ვითარება საკმაოდ რთულია და ადგილზე არსებული მყიფე, თუმცა მართვადი სტაბილურობის შენარჩუნება ჩვენი სამსახურის საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად ნაწილს წარმოადგენს. სამწუხაროდ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება უკანონო ქმედებები, მათ შორის უკანონო ბორდერიზაცია, გადაადგილების უფლების შეზღუდვა, უკანონო დაკავება და ა.შ. უფრო მეტიც, ეს ინსტრუმენტები ხშირ შემთხვევაში გამოიყენება არა მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოზე, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობაზე ზემოქმედების ერთ-ერთ ბერკეტად.
აღნიშნულის ნათელი დადასტურებაა მიმდინარე წელს სოფელ გუგუთიანთკარში და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ განვითარებული მოვლენები. ასევე, საქართველოს მოქალაქეების დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და ირაკლი კვარაცხელიას სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებული საქმეები. ზემოაღნიშნული საკითხების განხილვისას, ცენტრალურ ხელისუფლებასთან და ჩვენს პარტნირებთან, რუსეთის ფედერაციამ და დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა აირჩიეს ულტიმატუმისა და მუქარის ენა და მიზანმიმართულად დააზიანეს მოლაპარაკებების არსებული ფორმატები," - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.
მისი თქმით, უსაფრთხოების სამსახური, საერთაშორისო პარტნიორებისა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, ეუთოს და გაეროს დახმარებით, მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებისთვის მუშაობას აგრძელებს. გრიგოლ ლილუაშვილი აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციამ და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ულტიმატუმების და მუქარის ტონით საუბარი აირჩიეს.
"რუსულ ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლა, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ყველაზე მთავარ გამოწვევას წარმოადგენს, თუმცა ბოლო წლების სამწუხარო საერთაშორისო გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მართული კონფლიქტები წარმოადგენს ოფიციალური მოსკოვის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს, რომელთან გამკლავებაც საერთაშორისო პარტნიორების სათანადო ჩარევის, მხარდაჭერისა და ადეკვატური რეაგირების გარეშე პრაქტიკულად, შეუძლებელია," - აცხადებს ლილუაშვილი.