18 ნოემბერი 2024,   20:37
ვრცლად
გავრილოვის თემაზე დასმულმა კითხვამ, პარლამენტში ხმაური გამოიწვია

პარლამენტში, გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურის მოსმენა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. კომიტეტის სხდომაზე პარტია "ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი კანდელაკმა, გრიგოლ ლილუაშვილს სერგეი გავრილოვის ვიზიტთან დაკავშირებით შეკითხვა დაუსვა.

სუსის ხელმძღვანელის პოსტზე მთავრობის მიერ დასახელებულმა კანდიდატმა აღნიშნა,  რუს დეპუტატს საქართველოში ვიზიტისას, ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევია. ლილუაშვილის განცხადებით, გავრილოვის ვიზიტის შესახებ  საპარლამენტო  ოპოზიციაც ინფორმირებული იყო.

"აღნიშნული ვიზიტის განხორციელების თაობაზე საქმის კურსში იყო, ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, მათ შორის პარლამენტში წარმოდგენილიც. თუ, რამე განცხადების გაკეთება ვინმეს უნდოდა და საფრთხეებზე ანთება, ბატონი გავრილოვი სანამ ჩაჯდებოდა სავარძელში მანამდე უნდა ამოგვეღო ხმა," - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

გრიგოლ ლილუაშვილის პასუხზე, “ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მწვავე რეაქცია გამოხატა. გიორგი კანდელაკის თქმით, სერგეი გავრილოვის წარსული საქმიანობა, გრიგოლ ლილუაშვილისთვის უნდა ყოფილიყო მთავარი სიგნალი იმისა, რომ რუსი დეპუტატი საქართველოში არ შემოეშვათ.    

"სპეცსამსახურების ბიოგრაფია აქვს, იყო კოსოვოში, დნესტის პირეთში, ერაყის ორივე ომის დროს იყო, მათ შორის პირველი ომის დროს სადამ ხუსეინის ოფისში. ასეთი ბიოგრაფიის ადამიანი, რომ ამბობს, რომ ათასობით რომ დაიღუპა ჩვენი მოქალაქე, იქ ვიყავი, ოღონდ ქრისტიანებს ვეხმარებოდიო, არ ვიცი, ესე იგი არ გაგიჩნდათ მაინც სურვილი, რომ ამ ადამიანის არ შემოშვების რეკომენდაცია გაგეცათ," - განაცხადა გიორგი კანდელაკმა. 

შეგახსენებთ, პარლამენტში გრიგოლ ლილუაშვილის მოსმენა დასრულდა. სუსის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ყოფილი დეპუტატის დანიშვნას ოპოზიცია და დამოუკიდებელი დეპუტატები ეწინააღმდეგებოდნენ. მთავრობის მიერ დასახელებულ კანდიდატს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

დღის ამბები