პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ლევან მიქაბერიძეს უსმენენ.
კანონმდებლების მიერ დასმული კითხვები ძირითადად მიქაბერიძის პროფესიულ საქმიანობას შეეხება. გარდა ამისა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნინო გოგუაძე დაინტერესდა, თუ რას ფიქრობს მოსამართლეობის კანდიდატი პრეზიდენტის მიერ შეწყალების უფლებამოსილების გამოყენებასთან დაკავშირებით და რა კრიტერიუმებს შეიძლება ეყრდნობოდეს პრეზიდენტი ამ უფლებამოსილების გამოყენებისას.
მიქაბერიძის შეფასებით, შეწყალება ჰუმანური აქტია და მისი რეალიზება მართებულად უნდა განხორციელდეს.
"შეწყალების აქტი, ეს არის ჰუმანური აქტი, რომლის მიზანია სახელმწიფოს მხრიდან ჰუმანური მოქმედების განხორციელება კონკრეტულ პირებთან მიმართებაში. ეს, როგორც ექსკლუზიური უფლება უნდა იქნეს გამოყენებული ცალკეულ შემთხვევებში, გარკვეული წინაპირობების გათვალისწინებით. მთელი რიგი ფაქტობრივი საკითხები უნდა იქნეს შესწავლილი, დამუშავებული, რათა ამ უფლების რეალიზება მართებულად და ჯეროვნად მოხდეს.
შეწყალების აქტი უნდა ეყრდნობოდეს დანაშაულის სიმძიმესა და მისი კატეგორიას, თუ რა სახის დანაშაულია ჩადენილი. ამასთან ერთად, ალბათ, სუბიექტურობის პრინციპიც გასათვალისწინებელია. ასევე ჩადენილი დანაშაულების ოდენობა. მნიშვნელოვანია თვითონ მსჯავრდებულის დამოკიდებულება მის მიერ ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით, ანუ ნანობს დანაშაულს თუ არა," - განაცხადა ლევან მიქაბერიძემ.
გარდა ამისა, კითხვაზე შესაძლებელია, თუ არა შეწყალების მიზანი იყოს მართლმსაჯულების ხარვეზების გამოსწორება.
მიქაბერიძე პასუხობს, რომ აღნიშნულ დეტალზე ლიტერატურაში ბევრი სხვადასხვა ინფორმაცია არსებობს.
"ლიტერატურაშიც არის ბევრი მსჯელობა და განმარტებები ამ საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის ერთ-ერთი კომპონენტი, რომელიც შეწყალების აქტს შეიძლება ახასიათებდეს შეიძლება იყოს მართლმსაჯულების ხარვეზის გამოსწორება," - აღნიშნა მოსამართლეობის კანდიდატმა.
რაც შეეხება კითხვას, შესაძლებელია თუ არა შეწყალების აქტში სახელმწიფო იკვეთებოდეს, მიქაბერიძე ამბობს, რომ ამ საკითხზე ასე გლობალურად არ უფიქრია.