18 ნოემბერი 2024,   20:40
ვრცლად
ე.წ. მუქარის წერილი - მმართველი გუნდი მამუკა ხაზარაძეს გამოძიებასთან თანამშრომლობას ურჩევს 

მმართველი გუნდი მამუკა ხაზარაძეს გამოძიებასთან თანამშრომლობას ურჩევს. საპარლამენტო უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ წერილის წარდგენის შემდეგ, სამართალდამცველი ორგანოები იმოქმედებენ ისე, როგორც მათი ვალდებულებაა.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ პროცესებში პოლიტიკურ ინტერესებს ხედავს. 

"როცა აკეთებ განცხადებას, მაღალი თანამდებობის პირს ძალიან სერიოზულ ბრალს უყენებ და ამ საქმეს შემდგომ ასე წელავს და არ ახდენ დროულად შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას, მე ეს მიმანიშნებს, რომ უფრო მეტი პოლიტიკური ინტერესია. მას პირადად, არ მოეწონა ის პროცესი, რაც ჩემი აზრით, აბსოლუტურად კანონიერად მიმდინარეობს და ამ შემთხვევაში, მას ჰგონია, რომ მისი პოლიტიკაში შემოსვლა იქნება ერთგვარი ინდულგენცია მის პირად პრობლემებთან დაკავშირებით" - განაცხადა იაკლი სესიაშვილმა. 

პარლამენტის წევრი, ეკა ბესელია საგამოძიებო უწყებისთვის წერილის დედნის გადაცემა აუცილებლად მიიჩნევს.   

"მე როგორც იურისტს, მიმაჩნია, რომ ამ დოკუმენტის წარდგენა, დედნის წარდგენა არის აუცილებელი. აუცილებელია იმიტომ რომ პროკურატურა დადგეს ფაქტის წინაშე და გახდეს იძულებული, მას ეს უნდა თუ არა, გადაამოწმოს ყველა ანაბეჭდი და მისცეს ამას ობიექტური შეფასება. სხვაგვარად, სულ იქნებოდა მანიპულაციის საშუალება, რომ არ მაქვს დედანი და ვერ ვიღებ ობიექტურ გადაწყვეტილებას," - აცხადებს ეკა ბესელია.

პარლამენტის წევრი, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი, ლევან კობერიძე ფიქრობს, რომ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ კონკრეტულად უნდა თქვან, ვინ გადასცა წერილი და ამაზე, პროკურატურის მხრიდან საქმის ძიება უნდა დაიწყოს. 

 

დღის ამბები