18 ნოემბერი 2024,   20:39
ვრცლად
სურდა თუ არა ხელისუფლებას საპატრიარქოს ტახტიდან ილია მეორეს ჩამოშორება? - ოპოზიცია მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებებს აფასებს

უნდა დაინტერესდეს თუ არა სინოდის შემდეგ მეუფე იაკობის განცხადებებით პროკურატურა - უკვე მესამე დღეა ბოდბელი მთავარეპისკოპოსის ნათქვამი, რომ ის სახელმწიფო კანცელარიაში დაიბარეს და პატრიარქის გადაყენების იდეის განხორციელებაში დახმარება სთხოვეს - პოლიტიკური განცხადებების მთავარი თემაა.

ოპოზიცია სასულიერო პირს პარლამენტში ღია ფორმატს სთავაზობს, რათა ხელისუფლების მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების ბრალეულობაზე მან უფრო მეტი ისაუბროს. ამის საპირისპიროდ კი "ქართული ოცნების" წევრები დარწმუნებულები არიან, რომ მეუფე იაკობი გამოგონილ სქემაზე ალკოჰოლმა აალაპარაკა.

დაიკითხებიან თუ არა ყოფილი და მოქმედი პრემიერ მინისტრები და ასევე შინაგან საქმეთა მინისტრი ეს ჯერჯერობით უცნობია. ოპოზიცია მოითხოვს, რომ მეუფე იაკობის სკანდალურ ბრალდებებთან დაკავშირებით პროკურატურამ უსწრაფესად გამოძიება დაიწყოს. ისინი ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ კი საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს პასუხები არ გაეცემა და გამოძიებაც არ დაიწყება, მაშინ ეს იქნება ხელისუფლების მხრიდან ერთგვარი აღიარება იმისა, რომ მაღალი თანამდებობის პირები საპატრიარქოს საქმიანობაში მართლაც ერეოდნენ და მათ სურდათ საპატრიარქოს ტახტიდან ილია მეორეს ჩამოშორება.

პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე მეუფე იაკობის განცხადებებს შემაშფოთებელს უწოდებს და მიიჩნევს, რომ არსებულ ვითარებას სერიოზული რეაგირება სჭირდება. ოთარ კახიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნები და საპატრიარქოს მაღალი იერარქები სერიოზულ უკანონო ქმედებებში არიან გახვეულნი, ამიტომაც მისი თქმით, ფაქტებს სერიოზული შესწავლა, გადამოწმება, ასევე პროცესის გამჭვირვალედ წარმართვა და საზოგადოებისთვის შედეგების გაცნობა სჭირდება.

რომან გოცირიძე აცხადებს, რომ მეუფის განცხადებებში უმძიმესი კადრები არის მოყვანილი, მათ შორის თანამდებობის პირებიც. პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის განცხადებით, გამოძიების არ დაწყება პირდაპირ დანაშაულის აღიარებას ნიშნავს. რომან გოცირიძე ამბობს, რომ ის განცხადებები, რომ თითქოს და მეუფე იაკობის განცხადებები ყოფილიყო არაფხიზელ მდგომარეობაში გაკეთებული, მისი თქმით არის აბსოლუტური სისულელე.

პარლამენტის ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე გიორგი ლომაია ამბობს, რომ მეუფე იაკობის პარლამენტში მისვლა არ ნიშნავს პარლამენტის კომისიის შექმნას. გიორგი ლომაიას განცხადებით ის, რომ მეუფე მოწვეულ იქნას პარლამენტში არ იქნებოდა ურიგო, მაგრამ რაც შეეხება საპარლამენტო კომისიის შექმნის საკითხს, ის მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება ნაადრევია. ფრაქციის თავმჯდომარის თქმით პირველ რიგში საინტერესოა საპატრიარქოს პოზიცია და სასურველია თვითონ სინოდისგან მოისმინონ, აქვთ თუ არა საკითხთან დაკავშირებით რაიმე გამოძიება ჩატარებული.

დღის ამბები