პარლამენტში, იურიდიულ კომიტეტში, საარჩევნო კოდექსის ცვლილებების განხილვა დაიწყო. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის რეგიონებში განხილვის შემდეგ დეპუტატები უკვე საკანონმდებლო ორგანოში მსჯელობენ.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ პროექტს ოპოზიციის მაღალი მხარდაჭერა ექნება.
"ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს, სადაც არ არის გათვალისწინებული საარჩევნო ბლოკების შექმნის შესაძლებლობა. ამ საკითხს სჭირდება მაღალი მხარდაჭერა და იმედი მაქვს, ამ პროექტს ოპოზიციის მხარდაჭერა ექნება,"- აცხადებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.
ოპოზიცია განხილვებში აქტიურად ჩართვას და მის მხარდაჭერას გეგმავს.
"ნულოვანი ბარიერი და ბლოკების აკრძალვა ტოვებს განცდას, რომ ეს კანონპროექტი არ არის საზოგადოების ინტერესებსა და სამართლიან არჩევნებზე მორგებული. "ქართული ოცნება" მაინც ცდილობს გარკვეული ხელოვნური უპირატესობის შენარჩუნებას კანონმდებლობაში,"- აცხადებს "ევროპული საქართველოს" წევრი ირაკლი აბესაძე.
"პროპორციულ სისტემაზე გადასვლა იმდენად მნიშვნელოვანია საარჩევნო გარემოებისთვის, რომ ის არაფერზე არ გაიცვლება. ეს ყველაფერი არის მრავალწლიანი ბრძოლის და განსაკუთრებით ბოლოს 21 ივნისის მოვლენების შედეგი და თუ გვინდა, რომ რაღაც ხინჯი არ დაგვრჩეს, აუცილებელია განსხვავებულ თემებზეც შევთანხმდეთ," - აცხადებს პარტია "ახალი მემარჯვენეების" ლიდერი მამუკა კაციტაძე.
ცვლილებები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს. კერძოდ, პროექტით, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 150-ზე გამრავლდება და არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე გაიყოფა.