რუსეთის საგარეო უწყება კარასინი-აბაშიძის ფორმატის გაგრძელებას აანონსებს. სერგეი ლავროვის პრეს-სპიკერმა განაცხადა, რომ გრიგორი კარასინს რუსეთის ხელისუფლებამ დაავალა, დარჩეს რუსეთის წარმომადგენლად თბილისსა და მოსკოვს შორის, პირდაპირი დიალოგის ერთადერთ ფორმატში.
მარია ზახაროვას თქმით, ნოემბრის ბოლოს ამ ფორმატის რიგით 23-ე შეხვედრა ისევ პრაღაში გაიმართება.
შეხვედრაზე გამგზავრებას აპირებს ზურაბ აბაშიძე. კარასინთან ის სავაჭრო, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული ურთიერთობის საკითხებს განხილვას. როგორც რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რუსეთის დელეგაციასთან შეხვედრაზე ავიამიმოსვლის აღდგენის გარდა ასევე განიხილავენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობას და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს.
"მე მასთან მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს 2012 წლიდან. სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით, არამარტო სატრანსპორტო ურთიერთობის თვალსაზრისით, გვაქვს მოსაგვარებელი პრობლემები, ჩვენ კომპანიებს აქვს მოსაგვარებელი პრობლემები. ჩვენ სრულყოფილი დიპლომატიური კავშირი რუსეთთან არ გვაქვს, ამიტომ ამ სფეროებს მიხედვა სჭირდება. ჩვენი დასავლელი პარტნიორები,რომლებთანაც ჩვენ ბოლო ხანსაც გვქონდა ძალიან მჭიდრო კონსულტაციები, კერძოდ ამ თემაზე, ცალსახად მხარს უჭერენ დიალოგის ამ ფორმატის მუშაობის გაგრძელებას," - აცხადებს ზურაბ აბაშიძე.
განსხვავებული მოსაზრება აქვს ოპოზიციას, ევროპული საქართველოს წევრის სერგო რატიანის თქმით, კარასინი-აბაშიძის ფორმატი აზიანებს ჟენევის ფორმატს:
"როდესაც ჩვენ მარტო ვრჩებით რუსეთის წინაშე, ჩვენი პარტნიორების გარეშე, მაშინ გაცილებით სუსტები ვართ. რაც შეეხება იმას, რომ ისევ დაგვტოვეს კარასინთან, ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთი არის არა მოდერნული ქვეყანა, სადაც კონკრეტულ თანამდებობის პირებს, კონკრეტული ფუნქციები აქვთ, არამედ მიგვაბარეს ერთ ადამიანს და ვრჩებით ერთი ადამიანის განკარგულებაში, ესეც არის გარკვეულწილად შეურაცხმყოფელი და სრულიად არანორმალური დამოკიდებულება," - განაცხადა სერგო რატიანმა.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, მას არ ჰქონდა მოლოდინი, რომ ამ ფორმატში კარასინის სხვა ადამიანით ჩანაცვლებით რამე პრინციპულად შეიცვლებოდა, ამიტომ ფორმატში კარასინის დარჩენას უფრო პოზიტიურ მოვლენად აფასებს, ვიდრე ნეგატიურად:
"რადგან ეს წლების განმავლობაში საუბრის აწყობილი ფორმატი იყო, ამ განწყობით იქნება შენარჩუნება. ვინც არ უნდა დაენიშნათ, მე განსაკუთრებული მოლოდინი არ მქონდა, რომ რაღაც ახალი ტალღა იქნებოდა დათბობის ან დარეგულირების, ამიტომ ვფიქრობ უფრო პოზიტიურია ვიდრე ნეგატიური. პირდაპირი დიალოგი გვაძლევს იმას, რაც მოგვცა 2013-14 წლებში, აღდგა გარკვეული სოციალურ-ეკონომიკური კავშირები, რამაც ჩვენს მეწარმეებს გარკვეული შედეგი მისცა," - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.