18 ნოემბერი 2024,   18:46
ვრცლად
"დარწმუნებული ვარ, პეტრე ცაავას უკან პოლიტიკური მიზნების მქონე ადამიანები დგანან" - ზვიად ძიძიგური

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ის ეკლესიაში მიმდინარე პროცესების მიღმა, ოპოზიციურ ძალებს ხედავს, მმართველი გუნდის წარმომადგენლები ეთანხმებიან. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მოვლენების უკან, რომელიც სინოდის სხდომაზე განვითარდა, პოლიტიკური ინტერესის მქონე ადამიანების კვალი იკვეთება. 

"თავდასხმა, რომელიც მან პატრიარქზე განახორციელა, მე არ მჯერა, რომ ეს არის პეტრე ცაავა, ერთი მოხეტიალე რაინდი, ცალკე აღებული, რომელიც ამას მარტო აკეთებს. მე ვიცი და ვარ დარწმუნებული იმაში, რომ პეტრე ცაავას უკან დგანან პოლიტიკური მიზნების მქონე ადამიანები და ის მათთან ერთად ახორციელებდა ამას. მე ამის მჯერა, თუმცა ეს არის ჩემი მოსაზრება და ამას რაიმე ტიპის სამართლებრივ დატვირთვას ვერ მივცემთ," - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია "ქართული ოცნება - კონსერვატორების" წევრი ზვიად ძიძიგური.

არჩილ თალაკვაძის განცხადებას იზიარებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილიც.

"ჩვენ ვნახეთ გაუგონარი ცილისწამება და შემდეგ ვნახეთ ასევე, გაუგონარი კომენტარები ამ ცილისწამებაზე. ვფიქრობ, რომ ვინც ვერ ათვიცნობიერებს იმას, თუ რასთან გვაქვს საქმე, ვინ როგორ ცდილობს მოახდინოს დისკრედიტაცია იმ ინსტიტუტების, რომელსაც ყველაზე მაღალი სანდოობა აქვს ჩვენს საზოგადოებაში, ვფიქრობ, რომ ზუსტად ეს არის მათი მიზანი, ამ ძალების, კონკრეტულად ოპოზიციური ძალების. ხშირ შემთხვევაში, ისინი ყოველთვის მიმართავენ ესეთ, მე ვფიქრობ, არა სახელმწიფოებრივ და უღირს ტაქტიკას," - აცხადებს რატი იონათამიშვილი. 

დღის ამბები