18 ნოემბერი 2024,   18:47
ვრცლად
თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია ბათუმში - რა გზავნილები ჰქონდათ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების

რუსული აგრესია, ჰიბრიდული საფრთხეები, ნატო, საქართველოს დასავლური კურსი და რეგიონის უსაფრთხოება - ეს არის მთავარი თემები, რაზეც ბათუმში თავდაცვისა და უსაფრთხოების მეცამეტე კონფერენციაზე მსჯელობენ.

საქართველო მაღალი რანგის დელეგაციებს მასპინძლობს. ამერიკელი კონგრესმენები, დიპლომატები და ნატოს ჯარების სამხედრო მაღალჩინოსნები საერთაშორისო ღონისძიებაზე დასასწრებად სპეციალურად ჩამოვიდნენ. ბათუმში გადაწყვეტილებების მიმღები პირები, ექსპერტები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები ღია დისკუსიის ფორმატში ერთმანეთს საკუთარ ხედვებს უზიარებენ.

კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ყურადღება გამახვილდა საფრთხეებზე, რომელსაც ქვეყანას ოკუპაცია უქმნის. სალომე ზურაბიშვილმა ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებს მიმართა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ტრაგედიები, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ გამშვები პუნქტების ჩაკეტვა და ახალგორის მოსახლეობისთვის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამედიცინო მომსახურების მიღების შეზღუდვა იწვევს. 

"რაც შეეხება საქართველოს ყოველდღიურ საფრთხეს, ყველაფერი ოკუპირებული ტერიტორიებისკენ მიდის, ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტამდე კონტროლის არქონის გამო, რაც თავის მხრივ გულისხმობს რუსეთთან დაძაბულობას და საფრთხის შემცველ სიტუაციებს, რომელსაც საქართველო ყოველდღე იცილებს თავიდან, ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულების გათვალისწინებით. თუმცა გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული მდგომარეობა, ნებისმიერ დროს შეიძლება მშვიდობას დაემუქროს. მხოლოდ ბოლო 2 კვირის განმავლობაში, ორი ჰუმანიტარული ტრაგედია ვიხილეთ, ქალბატონი მარგო მარტიაშვილი გარდაიცვალა, რადგან გამშვები პუნქტით სარგებლობის უფლება არ მისცეს, რათა დროულად ემკურნალა. თამარ გიგაური კი ახლა გადარჩენისთვის იბრძვის ცხინვალის საავადმყოფოში, ვერ იღებს მისთვის საჭირო სამედიცინო მკურნალობას, რისი მიცემის საშუალებაც ჩვენ გვაქვს. მინდა მოგმართოთ ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებს, რომ სწრაფად მოვძებნოთ ამ ტრაგედიების თავიდან აცილების ეფექტური გამოსავალი. რუსეთი უნდა დაარწმუნოს ყველა თქვენგანმა, რომ არსებობს ვალდებულებების შესრულებისა და საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობა , ესაა რეგიონის ხანგრძლივი უსაფრთხოების წინაპირობა,"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

უსაფრთხოების ყველაზე დიდ გამოწვევად რუსეთიდან მომავალი საფრთხე დაასახელა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. არჩილ თალაკვაძის თქმით, აუცილებელია, რომ პარტნიორ ქვეყნებს კრემლის მისამართით უფრი მკაფიო გზავნილები ჰქონდეთ, რათა რუსეთი იძულებული გახდეს საერთაშორისო პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად იმოქმედოს.

"რუსეთი რჩება უსაფრთხოების ყველაზე დიდ საფრთხედ, იგი აგრძელებს ახალი კედლებისა და მავთულხლართების შემოვლებას ჩვენს ტერიტორიებზე. ჩვენი პარტნიორები უნდა აგზავნიდნენ კრემლის მისამართით მკაფიო გზავნილებს, რომ საზღვრების შეცვლა უკანონო შეჭრითა და ოკუპაციით მიუღებელია, რუსეთი იძულებული უნდა გახდეს იმოქმედოს საერთაშორისო პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად, სამშვიდობო ინიციატივა არის იმის დასტური, რომ საქართველო კონფლიქტი მშვიდობიან მოგვარების ერთგული რჩება,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით შავი ზღვის რეგიონი გეოპოლიტიკური უსაფრთხოების არქიტექტურაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და სწორედ ამ რეგიონში ახორციელებს რუსეთი დესტრუქციულ აქტივობებს:

"ჩვენ იმ ქვეყანაში განვიხილავთ უსაფრთხოების საკითხებს, რომლის 20%-იც რუსეთის მიერაა ოკუპირებულია. სადაც ე.წ. ბორდერიზაცია ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ გრძელდება, რუსეთი კი დესტრუქციულ და დესტაბილიზაციის აქტივობებს ახორციელებს. ეს გახლავთ სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონი, სადაც ისტორიულად აღმოსავლეთი და დასავლეთი ერთმანეთს ხვდება. შავი ზღვის რეგიონი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გეოპოლიტიკური უსაფრთხოების არქიტექტურაში,"- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები