18 ნოემბერი 2024,   18:40
ვრცლად
"ამას ჰქვია უსინდისობა, მცდელობაა, რომ ისრები ოპოზიციაზე გადაიტანონ" - ოპოზიცია თალაკვაძის ბრალდებაზე

პარლამენტის თავმჯდომარის ბრალდებები, რომელიც ეკლესიაზე შეტევაში ოპოზიციას ადანაშაულებს, ოპონენტებისთვის მიუღებელია. საპარლამენტო ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ტყუიან, როდესაც ამბობენ, რომ ეკლესიაში განვითარებული პროცესების უკან ოპოზიცია დგას.  

პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრი, სერგო რატიანი მეუფე იაკობის მიერ გაკეთებულ განცხადებას იხსენებს და აცხადებს, რომ ხელისუფლებას ახლა აქცენტების ოპოზიციაზე გადატანა სურს.  

"ხელისუფლების ქმედებები, ამ მიმართულებით, არის სრულიად უსინდისო. ხშირ შემთხვევაში, ადგილი აქვს იმ ქმედებების გადაბრალებას, რასაც თავად აკეთებენ. საპატრიარქოსთან შექმნილი ვითარება, ჩვენ ვხედავთ, რომ პირდაპირი მხილება იყო ხელისუფლებისა, რომ მაღალი თანამდებობის პირები აწყობდნენ შეთქმულებას და აპირებდნენ იქ გარკვეული არაკანონიერი ქმედებების ჩატარებას, და ახლა უნდათ, აქცენტების გადატანა სხვაზე. ამას ჰქვია ჩვეულებრივი უსინდისობა," - ამბობს სერგო რატიანი.

"ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ ხელისუფლება ახლა ცდილობს, ისრები ოპოზიციისკენ მიმართოს და ამით, საკუთარი შეცდომები დამალოს.  

"ხელისუფლება არის ჩიხში შესული. რეალურად, მათ სურთ, საზოგადოების ყურადღება არ გამახვილდეს ძალიან საგანგაშო განცხადებაზე, რომ ისინი პირდაპირ ცდილობენ, მანიპულირება მოახდინონ ეკლესიაში მიმდინარე პროცესების და მათთვის სასურველი შედეგები მიიღონ. სწორედ ამიტომ, ეს არის მცდელობა, ისრები გადაიტანონ ოპოზიციაზე. ძალიან სასაცილო და ბრიყვული მცდელობაა," - აცხადებს სალომე სამადაშვილი.

დღის ამბები