18 ნოემბერი 2024,   18:24
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილი დეკანოზის შეწყალებაზე ივანიშვილის მითითებებს ელოდება - ოპოზიცია პრეზიდენტს ეხმაურება

რას ელოდება პრეზიდენტი და რატომ არ ამბობს შეიწყალებს თუ არა, ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს.  სალომე ზურაბიშვილის პირველი განცხადების შემდეგ, რომელმაც მთავარი კითხვა ისევ უპასუხოდ დატოვა, შეფასებებს აკეთებენ პოლიტიკოსები. 

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ზურაბიშვილისთვის, კრიტერიუმებზე მუშაობის არგუმენტად დასახელება მხოლოდ მიზეზია.

ნაციონალური მოძრაობის წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი ვერ მიიღებს დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას და საკითხზე მითითებებს  ბიძინა ივანიშვილისგან დაელოდება.

"ის ამ შეწყალებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს სწორედ მაშინ, როდესაც მისი დამქირავებელი ბიძინა ივანიშვილი გასცემს ბრძანებას. მისი უფლებამოსილება ეს ნამდვილად არ არის და ახლა ცდილობს შენიღბოს ის, რომ მას არანაირი უფლებამოსილება არცერთ საკითხში არ გააჩნია," - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

"ევროპული საქართველოს" წევრი, სერგო რატიანი სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, დროულად გააუქმოს მორატორიუმი, რომელიც მისი შეფასებით, პატიმართა უფლებებს არღვევს.

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი სინოდის შუამდგომლობას დააკმაყოფილებს.

"რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს ეს მორატორიუმის პროცესი და ის პატიმრები, რომლებსაც უფლება აქვთ ისარგებლონ ამ საგამონაკლისო უფლებით, პრეზიდენტს მიმართონ. რაც შეხება მამალაძის შეწყალებას, მე მგონია, რომ პრეზიდენტი უარს არ ეტყვის სინოდს," - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

"პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ლომიას შეფასებით, პრეზიდენტს არ აქვს უფლება შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადოს.

 

დღის ამბები