ვინ იქნება განათლების, კულტურის და სპორტის ახალი მინისტრი. ის, რაც ამ დრომდე უცნობია საზოგადოებისთვის, ცნობილია პარლამენტის უმრავლესობის წევრებისთვის.
საკანონმდებლო ორგანოს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს,რომ, მან მიხეილ ბატიაშვილის შემცვლელის ვინაობა იცის, თუმცა გუნდში ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები არ ყოფილა. ანრი ოხანაშვილის თქმით, საზოგადოება ახალი მინისტრის ვინაობას პრემიერისგან შეიტყობს.
"ბატონ მიხეილ ბატიაშვილის შემცვლელთან დაკავშირებით, მე შეიძლება მქონდეს ინფორმაცია, თუმცა მე ამ ეტაპზე არ ვაჟღერებ, ვინაიდან ეს არის მთავრობის კომპეტენცია, პრემიერია ის პირი, რომელიც არის უფლებამოსილი, ვინც უნდა ისაუბროს ამ საკითხზე,"-ამბობს ოხანაშვილი.
რაც შეეხება სამინისტროს შესძლო გაყოფას, უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშილი ამბობს, რომ საამისოდ არგუმენტები უნდა მოისმინონ.
„როდესაც გაერთიანდა სამინისტროები თავისი არგუმენტაცია ჰქონდა ამას. გაყოფის შემთხვევაში არგუმენტები უნდა მოვისმინოთ, უნდა გავაანალიზოთ თუკი დავრწმუნდებით, რომ გამოყოფა იქნება კარგი გამოსავალი. თუნდაც თანხების დაზოგვის მიზნით, უკეთესი ფუნქციონირებისთვის და თუ იქნება არგუმენტები ამაზე, ჩვენ მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას.“ - აცხადებს პარლამენტის უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი.