ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" წინააღმდეგ მიმართულ პროტესტს, რომელსაც ლევან ვასაძე თავის თანამოაზრეებთან ერთად გეგმავს დედაქალაქის მერი გამოეხმაურა. მისი თქმით, შსს ყველა ადამიანის უსაფრთხოებას დაიცავს.
"შსს-მ უკვე გააკეთა განცხადება და ყველა ადამიანის უსაფრთხოება იქნება დაცული," - განაცხადა კახა კალაძემ.
კითხვაზე, იცნობს თუ არა თბილისის მერი ფილმის - "და ჩვენ ვიცეკვეთ" შინაარსს, თბილისის მერმა განაცხადა, რომ ამისთვის დრო არ აქვს:
"სად მაქვს ფილმის ყურების დრო, ბოლოს ფილმი როდის ვნახე და კინოში როდის ვიყავი არ მახოვს" - აღნიშნა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ ოსკარზე წარდგენილი ქართულ-შვედური ფილმის - "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერა საქართველოს კინოთეატრებში დღეს უნდა გაიმართოს. ფილმის შინაარსი, რომლის ჩვენებაც ჯერ არ შემდგარა გარკვეულმა ჯგუფებმა უკვე გააპროტესტეს.
ბიზნესმენი ლევან ვასაძე ფილმის - "და ჩვენ ვიცეკვეთ" კინოთეატრებში ჩვენებას ეწინააღმდეგება და მხარდამჭერებთან ერთად პრემიერის ჩაშლას გეგმავს.
ფილმის ჩვენებას ეწინააღმდეგება "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირიც". გურამ ფალავანდიშვილის განცხადებით, ფილმის ჩვენება, ნებისმიერი ძალისხმევის ხარჯზე ჩაიშლება. მასშტაბური პროტესტისთვის ემზადება "ქართული მარშიც".
საპატრიარქო ფილმის საქართველოს კინოთეატრებში ჩვენებას მიუღებლად მიიჩნევს, თუმცა ამავდროულად ემიჯნება ძალადობას.
შესაძლო ძალადობის ფაქტს, სახალხო დამცველი და არასამთავრობო სექტორი გამოეხმაურა და სამართალდამცავ ორგანოებს დროული რეაგირებისაკენ მოუწოდა.
განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც და საზოგადოებას კანონის დაცვა შეახსენა. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია საკუთარი მანდატის ფარგლებში იმოქმედებს. სამინისტრომ განცხადებაში ასევე აღნიშნა, რომ სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.
ფილმის პრემიერა თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში დღეს, 20:00 საათზე დაიწყება.