იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უარყოფს, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის გადადგომა ია კერზაიას საქმე უკავშირდება. თეა წულუკიანი გადაჭრით ამტკიცებს, რომ მიხეილ ბატიაშვილმა ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო.
"რაკი ჩვენ ასე ვიცით, კაბინეტის წევრებმა, უნდა ჩაითვალოს, რომ ეს სარწმუნო ინფორმაციაა ჩვენი კოლეგის შესახებ. მას თავად სურდა, რამდენიმე ხანია, რომ აღარ გაძღოლოდა ამ უწყებას და მიმართა განცხადებით და თხოვნით პრემიერ-მინისტრს. რა თქმა უნდა, სპეკულაცია ყველაფერზე შეიძლება, მაგრამ მე კიდევ ერთხელ შემიძლია გითხრათ, რომ არავითარი კავშირი მის გადაწყვეტილებასა და კერზაიას საქმეს შორის არ არსებობს,"- განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი 7 ნოემბერს თანამდებობიდან გადადგა.
ბატიაშვილის თქმით, მან ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო. მიხეილ ბატიაშვილი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პოსტს 1 წელი და 4 თვე იკავებდა.
საპარლამენტო ოპოზიციას არ სჯერა, რომ ბატიაშვილმა თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. დეპუტატების ნაწილი ბატიაშვილის პორტფელის დაკარგვას ია კერზაიას საქმეს უკავშირებს.