18 ნოემბერი 2024,   18:29
ვრცლად
"წნელისის კრიზისი" - ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. უშიშროების სამსახური მოსალოდნელი შეიარაღებული შეტაკების საფრთხის შესახებ საუბრობს

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის განცხადებით, ე.წ საზღვარზე კრიზისი ღრმავდება და არსებობს შეიარაღებული შეტაკების საფრთხე. ამის შესახებ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ КГБ-ს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა ეკატერინე ბიაზროვამ განაცხადა.

მისი თქმით, არსებობს საშიში ტენდენცია, რომელიც უკავშირდება „ოპერატიული სიტუაციის მკვეთრ ცვლილებას წნელისის ტერიტორიაზე. კერძოდ, ესაა საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლების მიერ იარაღის არაგონივრული გამოყენება, სხვადასხვა უპილოტო საფრენი აპარატებით დაზვერვის წარმოება და საზღვრისპირა მოსახლეობაზე ზეწოლის მოხდენა, სამხრეთ ოსეთის მისამართით უსაფუძვლო და პროვოკაციული ბრალდებების წამოყენების მიზნით, ასევე საქართველოს მოსახლეობის და საერთაშორისო საზოგადოების  სისტემატური დეზინფორმაცია.“

დე ფაქტო უწყება ქართულ მხარეს კიდევ ერთხელ ადანაშაულებს ე.წ საზღვარზე დაზვერვისთვის უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებაში.

მათი ცნობით, „უპილოტო საფრენი აპარატი კოდას დასახლებულ პუნქტთან 8 ნოემბერს, დილის 5:30 საათზე გამოჩნდა და გარკვეული პერიოდი გაჩერებული იყო საზღვრის გასწვრივ, შემდეგ კი სოფელ აბანოს მიმართულებით გაფრინდა.“

საოკუპაციო რეჟიმი  „წნელისის კრიზისის“ ინსპირირებაში საქართველოს სპეცსამსახურებს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ "განსაკუთრებულ გაკვირვებას იწვევს ევროკავშირის საერთაშორისო დამკვირვებლების პოზიცია, რომლებიც თბილისის რეჟიმის ძალოვანი სტრუქტურების ქმედებებს არა მარტო არ აკონტროლებენ, არამედ შემრიგებლური პოზიცია აქვთ მათ პროვოკაციულ და დესტრუქციულ ქმედებებთან, რომლებიც მიმართულია დაძაბულობის შემდგომი გამწვავებისკენ"

დღის ამბები