კინემატოგრაფების განცხადებით, თაობებმა იბრძოლეს იმისთვის, რომ ქვეყანაში ყოფილიყო თავისუფლება და ყველა ადამიანმა ინდივიდუალურად გადაწყვიტოს, რა ფილმს უყუროს, თუ რა წიგნი წაიკითხოს. ხელოვანები მიიჩნევენ, რომ იმ დესტრუქციული ძალების ქმედება, რომლებიც გუშინ კინოში ფილმის სანახავად მისულ ადამიანებზე ძალადობდნენ, ქვეყნისთვის ძალიან დამაზიანებელია და ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ ასეთი ქმედებები აღკვეთონ:
"ჩვენ დამოუკიდებლობის 30 წლისთავზე მოვიპოვეთ სიტყვის თავისუფლება, რასაც უნდა გავუფრთხილდეთ ძალიან და უნდა გვახსოვდეს, რა მსხვერპლი გაიღო ჩვენმა ქვეყანამ იმისათვის, რომ ჩვენ დღეს შეგვეძლოს იმ ფილმს ვუყუროთ რაც გვინდა და გამოვხატოთ ჩვენი აზრი თუნდაც კინოთეატრის გარეთ. მუქარა, მაშხალების და ქვების სროლა მიუღებელი იყო, კარგი ის იყო, რომ ძალიან მარტივად გაეცა პასუხი, თუ ვის მხარეს იყო საქართველოს მოსახლეობა, ფილმის პრემიერამდე ერთი კვირით ადრე ყველა ბილეთი, ყველა დარბაზში იყო გაყიდული. ერთადერთი, რაც ამ ჯგუფმა კარგი გააკეთა არის ის, რომ კარგი რეკლამა გაუკეთეს ფილმს და გარდა იმისა, ვინც ბილეთები იყიდეს, კიდევ ათულობით პოლიციელმა ნახა ეს ფილმი,"- განაცხადა კინორეჟისორმა გიორგი ვარსიმაშვილმა.
ცნობილი ქართველი კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე მიიჩნევს, რომ ქვეყანას არჩეული აქვს გზა ცივილიზებულობისკენ, რისთვისაც მნიშვნელოვანია, როგორც შემოქმედის თავისუფლება, ასევე იმ ადამიანებისა, ვისაც სურთ ამ შემოქმედების აღქმა:
"ახლა ხდება ჩვენს თვალწინ, 21-ე საუკუნეში, რომ ისევ რაღაც ძალებს უნდათ გადაგვჩეხონ უფსკრულში. ჩვენ ვართ თავისუფალი, დამოუკიდებელი ქვეყანა, არჩეული გვაქვს გზა ცივილიზაციისკენ და ამიტომ ევროპისკენ, იმიტომ რომ ეს სიმბოლოა ცივილიზებულობის. გვინდა თავისუფლება შინაგანი და ასევე შემოქმედის და იმათი, ვისაც უნდა რომ აღიქვას ეს შემოქმედება. მე ჯერ არ მინახავს ფილმი,მაგრამ ყველანაირად ამ ფილმის და მისი შემოქმედების მხარეზე ვარ," -განაცხადა ლანა ღოღობერიძემ.
შეგახსენებთ, რომ ოსკარზე წარდგენილი ქართულ-შვედური ფილმის - "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში გუშინ გაიმართა.
ბიზნესმენი ლევან ვასაძე, ფილმის - "და ჩვენ ვიცეკვეთ" კინოთეატრებში ჩვენებას ეწინააღმდეგებოდა და მხარდამჭერებთან ერთად პრემიერის ჩაშლას გეგმავდა
ფილმის ჩვენებას ეწინააღმდეგებოდა "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირიც". გურამ ფალავანდიშვილის განცხადებით, ფილმის ჩვენება, ნებისმიერი ძალისხმევის ხარჯზე ჩაიშლებოდა. საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა "ქართული მარშიც"
ძალადობრივი საპროტესტო აქციის მიუხედავად ფილმის ჩვენება კინოთეატრებში მაინც შედგა. კინოთეატრებთან ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას და პოლიციასთან შეხლა-შემოხლას. დაკავებულია 28 ადამიანი, მათ შორის 1 სისხლის სამართლის მუხლით.
დაზიანებები მიიღო 13-მა ადამიანმა, მათ შორის არიან პოლიციელებიც.