არასამთავრობო ორგანიზაციები საგამოძიებო უწყებისგან, 20 ივნისის ღამეს ყველა დასახიჩრებული ადამიანის დაზარალებულად ცნობას ითხოვენ.
მესამე სექტორი ინტერესდება, თუ რატომ მიენიჭა 20 ივნისის ღამეს დაშავებულებიდან დაზარალებულის სტატუსი მხოლოდ სამ ადამიანს და თან რამდენიმე თვის დაგვიანებით.
პროკურატურამ დაზარალებულად მაკო გომური, ომარ სეხნიაშვილი და მირზა ლიპარტელიანი ცნო. გადაწყვეტილება არ არის მიღებული გიორგი სულაშვილთან დაკავშირებით, რომელმაც ასევე, თვალი დაკარგა.
"ადამიანის უფლებათა ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორის ალეკო ცქიტიშვილის თქმით, იმ შემთხვევაში თუ დაზარალებულებს დროულად მიანიჭებდნენ სტატუსს, ეს გამოძიებასაც დააჩქარებდა და შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხსაც:
"თუკი დაზარალებულებს დროულად მიანიჭებდნენ სტატუსს, ამით უფრო სწრაფად წარიმართებოდა გამოძიება, ამ შემთხვევაში დგებოდა ბრძანების გამცემი პირების პასუხისმგებლობის საკითხი და შესაძლოა ესაა მიზეზი, რომ ეს გამოძიება რაც შეიძლება ნელა წარიმართოს, დაცხრეს საზოგადოებრივი მღელვარება იმგვარად, რომ რაც შეიძლება ნაკლებმა სამართალდამცველმა და ბრძანების გამცემმა პირმა მიიღოს სასჯელი. ბრძანების გაცემაზე პასუხისმგებლობა აიღო იმდროინდელმა შს მინისტრმა, რომელიც არათუ პასუხისგებაში მიეცა, პოლიტიკური პასუხისმგებლობაც არ გაუზიარებია და ის ფაქტობრივად დაწინაურდა," - განაცხადა ცქიტიშვილმა.
საკითხზე განცხადება გაკეთდა სახალხო დამცველის აპარატშიც. ომბუდსმენის მოადგილის გიორგი ბურჯანაძის თქმით, სახალხო დამცველის აპარატი საგამოძიებო პროცესს აკვირდება და დაზარალებულების სტატუსთან დაკავშირებით კითხვები მათაც აქვთ:
"სახალხო დამცველის აპარატი აკვირდება საგამოძიებო პროცესს, ჩვენ ერთჯერადი ინდივიდუალური დაშვება გვაქვს ამ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით და ერთიანი შეფასება გვექნება. ბუნებრივია გარკვეული კითხვის ნიშნები არსებობდა იმასთან დაკავშირებით თუ ამ პერიოდის განმავლობაში რატომ არ მოხდა დაზარალებულის სტატუსის მინიჭება," - განაცხადა ბურჯანაძემ.