გირჩის "ბიბლიური თავისუფლების" წევრობის გამო, 24 წლის შაკო ბარამიძე, რომელიც ავტოავარიის შედეგად დაიღუპა, მართლმადიდებლური წესის აგების გარეშე დაკრძალეს.
ოჯახმა ავარიაში დაღუპული ბიჭის დასაფლავება, ერთი კვირით იმ იმედით გადადო, რომ მისი მართლმადიდებლური წესით დაკრძალვის უფლებას მოიპოვებდნენ, თუმცა მათ საბოლოო უარი, ოფიციალურად, საპატრიარქომ უთხრა.
გარდაცვლილის ოჯახს განუმარტეს, რომ მიზეზი "გირჩის" - "ბიბლიური თავისუფლების" წევრობა გახდა.
ოჯახს ეკლესიის გადაწყვეტილება ხონისა და სამტრედიის ეპარქიიდან აცნობეს. უთხრეს რომ ახალგაზრდამ ეკლესიაზე უარი ავტომატურად მაშინ თქვა, როდესაც "გირჩში" გაწევრიანდა. მიუხედევად იმისა, რომ ორგანიზაციაში შესვლის მიზანი სავალდებულო ჯარიდან გათავისუფლება იყო. გარდაცვლილს წესი არც ერთმა მოძღვარმა არ აუგო. მეუფე ამბობს, რომ ამ საკითხზე სინოდი იმსჯელებს.
საკითხზე, საპატრიარქოს მსგავსად, რადიკალური პოზიცია არ არქვს ყველა სასულიერო პირს. მამა ანდრია სარია განმარტავს, რომ "გირჩი" პოლიტიკური ორგანიზაციაა, რომელსაც მხოლოდ პოლიტიკური ზრახვები აქვს და არა რელიგიური, ამიტომ არ შეიძლება გარდაცვლილს სულის ცხონებაზე პოლიტიკური ორგანიზაციის წევრობისთვის ეთქვას უარი.
ავარიაში დაღუპული ბიჭის ოჯახმა პოზიცია რამდენჯერმე შეიცვალა. თავდაპირველად მათ დახმარებისთვის "გირჩს" მიმართეს, შემდეგ კი გაემიჯნენ და თქვეს, რომ ემორჩილებიან ეკლესიის გადაწყვეტილებას.
"გირჩში" დღეს კიდევ ერთხელ განმარტეს, რატომ შაკო ბარამიძე "ბიბლიურ თავისუფლებაში" ირიცხებოდა. მთავრი მღვდელმსახურის განმარტებით, ისინი ბიჭს დაეხმარნენ - უარი ეთქვა მონობაზე. მას შემდეგ კი, რაც ის გარდაიცვალა, ორგანიზაციიდან გარიცხეს, რათა ეკლესიას წესის აგებაზე უარი არ ეთქვა.
შაკო ბარამიძის ოჯახი ახლა სინოდის სხდომას ელოდება. ჯერ კიდევ უცნობია, გაიმართება, თუ არა სხდომა მიმდინარე წელს.