"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება. ნინო ბურჯანაძე იმედოვნებს, რომ ბიძინა ივანიშვილი პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ უარს არ იტყვის და საკონსტიტუციო ცვლილებებს არ ჩააგდებს.
"თუ ივანიშვილმა გადაიფიქრა და გადააგდო ასე ვთქვათ, სრულიად ქართული საზოგადოებაც და საერთაშორისო თანამეგობრობაც, ეს ძალიან ცუდად დამთავრდება მისთვის და "ქართული ოცნებისთვის", მაგრამ იმედი მინდა ვიქონიო, რომ უჭკუო კაცი ნამდვილად არ არის და კრიტიკულ ვითარებაში, ჩვენ დავინახეთ, რომ მან ადეკვატური ნაბიჯი გადადგა, როდესაც გამოაცხადა პროპორციულ სისტემაზე თანხმობა. იმედი მაქვს, რომ ახლაც მიხვდება, რომ მსგავსი ნაბიჯის გადადგმა იქნება დამღუპველი და ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ შესრულდეს დანაპირები," - ამბობს ნონო ბურჯანაძე.
დღეს განვითარებული მოვლენები შეაფასა "შენების მოძრაობის" თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა.
"ხომ არ ნანობს ივანიშვილი თავის ნათქვამ სიტყვას და ხომ არ აპირებს, რამე სხვა საბაბით პროცესების სხვა მიმართულებით წაყვანას? - ეს კითხვა იქნება ლეგიტიმური მანამ, სანამ ჩვენ არ ვნახავთ კონსტიტუციაში სამი მოსმენით მიღებულ ჩანაწერს პროპორციული არჩევნების შესახებ," - აცხადებს დავით უსუფაშვილი.