რუსთაველზე მიმდინარე აქციები იქნება პერმანენტული და მუდმივი, ამის შესახებ "კურიერის" ეთერში სერგი კაპანაძემ განაცხადა. "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრი ამბობს, რომ კანონპროექტის ჩაგდებით, დღეს ბიძინა ივანიშვილმა ნათლად გვაჩვენა, რომ მას არ აინტერესებს ხალხის ნება და კონსტიტუცია და ის ხელისუფლებიდან წასვლას არ აპირებს.
რამდენიმე ათასი მოქალაქე, რომელიც ამ წუთებში რუსთაველის აქციაზე იმყოფება, სერგი კაპანაძის თქმით, სპონტანურად შეკრებილი ადამიანები არიან და მათ კიდევ ბევრი სხვა პოლიტიკური პარტიების მომხრეებიც დაემატებიან.
"ეს აქციები იქნება პერმანენტული, მუდმივი იმიტომ, რომ დღეს რეალობა გვაქვს ჩვენ ისეთი, რომელთანაც შეგუება არის შეუძლებელი. დღეს ივანიშვილმა პრაქტიკულად გამოგვიცხადა, რომ ის აპირებს ხელისუფლებაში დარჩენას, არ აინტერესებს ხალხის ნება, არ აინტერესებს კონსტიტუცია და ისეთი მოდელი აწყობს მხოლოდ და მხოლოდ, რომელიც უზრუნველყოფს მის უპირატესობას, რომ მუდამ იყოს ხელისუფლებაში და ეს არის მიუღებელი.
იხ ხალხი, რომელიც ახლა რუსთაველზეა გამოსული, ის არ არის პარტიის მიერ გამოყვანილი ხალხი, ახლა ვიცი, რომ იქ ილუზიებში არიან ვაჟბატონები და ქალბატონები "ქართული ოცნების" სათაო ოფისში და ამბობენ, რომ აი მეტი ვერ გამოიყვანეს. ეს რამდენიმე ათასი ადამიანი არის სპონტანურად გამოსული ხალხი, რომელიც აღშფოთდა და ამას კიდევ დაემატება ძალიან ბევრი ადამიანი.
ჩვენი მოთხოვნა არის, რომ პროპორციული არჩევნები იყოს ისევ, ეს არის შესაძლებელი და არასწორია, გაუმართლებელია, ტყუილია უბრალოდ, რომ ეს არის შეუძლებელი. ეს არის კიდევ ერთი შანსი ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ საბოლოოდ ერთხელ მაინც გაიგონოს ხალხის," - აცხადებს სერგი კაპანაძე.