"არჩევნებს იგებს საზოგადოების ნდობა და არა საარჩევნო სისტემა, - ამის შესახებ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძის შეფასებით, "ნაციონალურ მოძრაობას" არცერთ საარჩევნო სისტემის პირობებში არ აქვს გამარჯვების შანსი.
"შეგახსენებთ, რომ 2012 წელს ჩვენ სწორედ ამ საარჩევნო სისტემის პირობებში შევცვალეთ ძალადობითა და სისასტიკით გამორჩეული რეჟიმი, რომელიც პრაქტიკულად სრულად აკონტროლებდა პოლიტიკურ პროცესთან დაკავშირებულ ყველა ინსტიტუტსა და ინსტრუმენტს.
"ნაციონალური მოძრაობის" მთავარი დევიზი - ძალაუფლება ნებისმიერ ფასად - უცვლელი რჩება. ვინაიდან არცერთი საარჩევნო სისტემის პირობებში მათ გამარჯვების შანსი არა აქვთ, ისინი დესტრუქციის შემოტანით ცდილობენ, სასამართლოს სამივე ინსტანციის მიერ მსჯავრდებულ სააკაშვილთან ერთად, ხელისუფლებაში დაბრუნდნენ. ბუნებრივია, ეს მცდელობაც წარუმატებლობისთვის არის განწირული," - აღნიშნა კალაძემ.
მისივე განმარტებით, ოპოზიციამ გუშინდელ აქციაზე ხალხის მობილიზება ვერ მოახერხა.
"ხალხის მობილიზების რესურსის არქონის ფონზე - რაც გუშინ ნათლად გამოჩნდა - ისინი ახლა უკვე იაფფასიანი დესტრუქციული პერფორმანსებით ცდილობენ პოლიტიკურ პროცესებში არეულობის შემოტანას.
ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად მომთმენი. თუმცა, მკაფიოდ გვინდა ვთქვათ, რომ დესტრუქციის გაგრძელების შემთხვევაში, ხელისუფლებას ექნება შესაბამისი რეაგირება," - განაცხადა კახა კალაძემ.