18 ნოემბერი 2024,   18:27
ვრცლად
"სტკივა სოციალური გაჭირვება, ამიტომ წავიდა, იახტაზე ისვენებს და საახალწლო მებელი უნდა შეარჩიოს ჩვენთვის" - ოპოზიცია კალაძის იტალიურ ვოიაჟს აკრიტიკებს

თბილისის მერი კახა კალაძე იტალიაშია. მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დედაქალაქის მთავრობის მეთაურის გამგზავრება, საახალწლოდ, თბილისის ქუჩებში დასამონტაჟებელი ილუმინაციებისა და ნაძვის ხის დამზადების ბოლო ეტაპის გაცნობას უკავშირდება.

მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციის არ სჯერათ ოპონენტებს, რომლებიც კახა კალაძეს მწვავედ აკრიტიკებენ. მათი თქმით, იმ ფონზე როდესაც ქვეყანაში მსგავსი კრიზისული ვითარებაა შექმნილი, თბილისის მერის იტალიაში გამგზავრება ამ ვითარებისთვის შეუფერებელია.  

"არაადეკვატურობის კიდევ ერთი გამოვლინებაა და ძალიან სამწუხაროა. თორემ, თავისი ხარჯებით სად დაისვენებს ვინმე, ეს ჩვენი საქმე ნამდვილად არ არის და როცა ხალხს ატყუებ და ამ ტყუილის სპირალში შედიხარ, უბრალოდ ძალიან ცუდად გამოიყურება ეს ყველაფერი," - აცხადებს გიგი უგულავა.

ირონიულად ეხმაურება კახა კალაძის იტალიაში გამგზავრებას "ახალი საქართველოს" თავმჯდომარე, გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე.

"ისევე წუხს ეს ადამიანი, როგორც თბილისელები წუხან, ისევე სტკივა მას სოციალური გაჭირვება, როგორც ქართველ ხალხს სტკივა და ამიტომ, წავიდა იტალიაში, ტბაზე ისვენებს და როგორც ქართველი ხალხი იტანჯება, სწორედ ესე, ძვირადღირებულ იახტაზე, იტალიური ღვინო უნდა მიირთვას და საახალწლო მებელი უნდა შეარჩიოს ჩვენთვის. დიდი მადლობა ბატონ კახი," – ამბობს გიორგი ვაშაძე.

დღის ამბები