18 ნოემბერი 2024,   09:26
ვრცლად
უარი კონკურსში მონაწილეობაზე - ზაზა თავაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა გადაიფიქრა

 

ხმაურიანი გასაუბრებებისა და საბოლოო კენჭისყრამდე რამდენიმე დღით ადრე, საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედმა თავმჯდომარემ ზაზა თავაძემ, რომელიც ამავე დროს მესამე ინსტანციის სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატი იყო, კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვა. 

ოფიციალური წერილით მან პარლამენტის თავმჯდომარესაც მიმართა, სადაც განმარტავს, რომ გადაწყვეტილების მიზანი კითხვის ნიშნების გაფანტვაა. თავაძის მაგისტრის ხარისხთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არსებობს და კანდიდატს საკითხის გარკვევამდე კენჭისყრის გადადება სურდა, თუმცა დღეს ოფიციალურად განაცხადა, რომ კონკურსს საერთოდ ეთიშება.

ზაზა თავაძის განათლებასთან დაკავშირებით შეკითხვები ოპოზიციას დიდი ხანია აქვს და დღეს არ გაკვირვებიათ, რომ მან კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვა.

თავაძის გადაწყვეტილება რეპუტაციის გადარჩენის მცდელობად შეაფასა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ. ნაზი ჯანეზაშვილი კი ფიქრობს, რომ არ აქვს მნიშვნელობა რა დგას ამ გადაწყვეტილების მიღების უკან, რადგან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის პირი რომელთა მისამართითაც კითხვები არსებობს კონკურსში არ მონაწილეობდეს.

არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები, ზაზა თავაძის მაგალითის გაზიარებისკენ სხვა კანდიდატებსაც მოუწოდებენ.

პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის მსურველ უკვე 19 კანდიდატს კენჭი სავარაუდოდ მომავალ კვირას უნდა უყაროს, პროცესის პარალელურად უკვე დაანონსებულია საპროტესტო აქცია.  

სიის შესაძლო ჩაგდების მცდელობას მმართველი პარტია უზენაეს სასამართლოში კრიზისის შექმნად აფასებს და ოპონენტების მსგავს განცხადებებს უპასუხისმგებლოს უწოდებს.

დღის ამბები