მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 8 დღეში გაიმართება. ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების განცხადებით, ისინი პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მიანიჭებენ და სხდომაზე დასწრებას არ აპირებენ.
უმრავლესობის განცხადებით, პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას 76 დეპუტატის ხმა სჭირდება, "ქართულ ოცნებას" კი 89 მანდატი აქვს.
მმართველი პარტიის წევრის, გიორგი ჩაკვეტაძის განცხადებით, უმრავლესობა 25 ნოემბერს შეიკრიბება და საპარლამენტო საქმიანობას დაგეგმილი დღის წესრიგის მიხედვით გააგრძელებს.
" არ სჭირდება ოპოზიციის ლეგიტიმაცია პარლამენტს იმისთვის, რომ შეიკრიბოს. ასევე, ჩვენი კონსტიტუციით არის გათვალისწინებული, რომ პრეზიდენტის ვალდებულებაა, დანიშნოს სხდომა, თუმცა, თუკი პრეზიდენტი არ დანიშნავს სხდომას, პარლამენტი უფლებამოსილი იქნება, რომ შეიკრიბოს და თავად ცნოს 150-ვე წევრის უფლებამოსილება. 25 ნოემბერს იქნება პირველი სხდომა და მომდევნო დღეების განმავლობაში უნდა იყოს სხვა საკითხები, რომელიც ასევე არის არანაკლებ მნიშვნელოვანი. არავის აქვს უფლება, რომ შეიტანოს საბოტაჟი, არეულობა ამ პროცესებში", - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.