"თუ ხელისუფლება კიდევ იჯიუტებს, გამოვა, რომ გადააგდებს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსაც," - ეს განცხადება "ევროპული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ ხელისუფლებასთან დიალოგის მეორე რაუნდის შესახებ გააკეთა.
უგულავა აცხადებს, რომ თუ ხელისუფლება მათ მიერ შემუშავებულ საარჩევნო სისტემის "გერმანულ მოდელს" არ მიიღებს, პროტესტი გაგრძელდება.
"ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ან აი ამ წვალებაში და, ვიხმარ სოკრატეს სიტყვას, ამ მშობიაორობაში ვამშობიაროთ "ქართული ოცნება" და მიიღოს ის კანონი, რომელიც გამოსავალია და რომელსაც ჩვენ ეუთო/ოდირს გავუგზავნით. ამას თუ არ მიიღებს, პროტესტი არ გაჩერდება, პროტესტი გაგრძელდება. ჩვენ მაგიდას არასდროს არ ავაყირავებთ, იმიტომ, რომ ივანიშვილმა გადააგდო ჩვენი მოქალაქეები და თუ ამ სპირალში შესული, კიდევ იჯიუტებს, გამოვა, რომ გადააგდებს უკვე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსაც,"- განაცხადა გიგი უგულავამ.
შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებასა და გაერთიანებულ ოპოზიციას შორის დიალოგის მეორე რაუნდი დღეს, 18 საათზე დაიწყება, სადაც ოპოზიციის მიერ შემოთავაზებულ საარჩევნო სისტემის "გერმანულ მოდელზე" იმსჯელებენ.
მოლაპარაკების პირველი რაუნდი საერთაშორისო საზოგადოების ინიციატივითა და ჩართულობით 30 ნოემბერს, სასტუმრო "ბილტმორში" გაიმართა.