"არ არის არავისთვის მისაღები და ყველა ემიჯნება ერეკლე კუხიანიძის განცხადებას ამ თემაზე,"- ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბექა დავითულიანმა საკრებულოში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ განაცხადა.
დავითულიანმა აღნიშნა, რომ საკრებულოს "ქართული ოცნების" დეპუტატის, ერეკლე კუხიანიძის საკითხზე გადაწყვეტილებას უმრავლესობის სხდომაზე მიიღებენ.
"არ არის არავისთვის მისაღები და ყველა ემიჯნება ერეკლე კუხიანიძის განცხადებას ამ თემაზე. ამასთან დაკავშირებით უმრავლესობის სხდომა უნდა შედგეს, შედგება და მივიღებთ გადაწყვეტილებას. არა იმიტომ, რომ ესენი ყვირიან, არამედ იმიტომ, რომ ჩვენთვის არის მიუღებელი. როდის შევიკრიბებით, ამას გაგაგებინებთ, არ ვაპირებთ დაანონსებას, რომ ამათმა კიდევ სპექტაკლები მომიწყვეს,"- განაცხადა ბექა დავითულიანმა.
შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება ოპოზიციონერ დეპუტატებს, მოძრაობა "შეცვალესა" და საკრებულოს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა "ქართული ოცნების" დეპუტატის, ირაკლი კუხიანიძის ოთახში კარავი გაშალეს. დაპირისპირება სიტყვიერი შელაპარაკებით დაიწყო, რომელიც ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. საქმეში ჩაერთო საპატრულო პოლიცია, რომელმაც აქტივისტებს საკრებულოს შენობა ძალით დაატოვებინა, 4 მათგანი კი დააკავა.
თბილისის საკრებულოს "ქართული ოცნების" დეპუტატის, ერეკლე კუხიანიძის მიერ დეპუტატის მანდატის დატოვების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც მან საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ შეურაცხმყოფელი განცხადებები გაავრცელა.